
"ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან. როგორც ალეკო ელისაშვილმა ამბობს, კოალიციაში კარგად იციან, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ "ივანიშვილის დავალებით", ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დააპატირებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ციხეში თუ ციხის გარეთ ბრძოლა ყველა ვარიანტში გაგრძელდება":
"არ გამოვრიცხავთ არაფერს, ჩვენ ვიფიქრეთ და უკვე გვაქვს აწონ-დაწონილი როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ვართ მზად. შეიძლება დღეს დაიჭირონ ბადრი და მამუკა, შეიძლება არ დაიჭირონ. დაჭერის შემთხვევაში ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, არ დაჭერის შემთხვევაში ხომ მითუმეტეს ვიცით რა გავაკეთოთ. შეიძლება მეც მალევე მიმაყოლონ მაგრამ ნუ არაფერი, არ მთავრდება ქვეყანა მაგ ყველაფრით, ისედაც აგერ ორმოცდაათზე მეტი ადამიანია, მათ შორის ჩვენი კოალიციის ხალხი ციხეში და არ ვიცი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ეს არის ფაქტი. ციხეში ვიქნებით, ციხის გარეთ ვიქნებით, თავს ამათ არ დავუხრით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ტყვეები გათავისუფლდნენ და შესაძლოა უკვე იმ ტყვეებს შორის ჩვენც ვიყოთ"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.