რეზონანსი
25.03.2025

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, ორი ამერიკული ორგანიზაცია ვეღარ აფინანსებს ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობას, თუმცა არის სხვა წყაროები, რაზეც გამოძიება დაწყებულია.

„პირველი, ვინც ამით [ქვეყნის აყირავებით] იყო დაკავებული, ეს იყო USAID-ი და NED-ი. თქვენ იცით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულები იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებებში და მათ შორის საქართველო იყო მოხსენებული. რა თქმა უნდა, დაფინანსება შეჩერდა. ეს ორგანიზაციები ვეღარ აფინანსებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ. 

მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ვინ დააფინანსა პარალელური დათვლები. ეს იყო USAID-ი, რომელმაც ე.წ. პარალელური დათვლები დააფინანსა და რომელიც გააყალბა. ესეც უნდოდათ გამოეყენებინათ იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, თითქოს ხელისუფლება არჩევნები გააყალბა. ამის ნიადაგზე უნდოდათ გადატრიალების მოწყობა. შემთხვევით, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა აღმოაჩინეს ეს ცდომილება და შეცდომა, რომელიც იყო მათ მიერ გამოქვეყნებულ დათვლებში. ჩვენი მოთხოვნით მოხდა ამ ყველაფრის გასწორება. 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ეს ორი ორგანიზაცია ვერ აფინანსებს, მაგრამ არის სხვადასხვა წყაროები და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყნის აყირავება შეძლოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×