ნატალია ჯვარიძე
23.03.2025

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ ქართული ანსამბლებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების დასახელებებიდან, რომლებიც ხშირად დადიან ევროპაში გასტროლებზე, ამოღებული იყოს აფხაზეთთან დაკავშირებული ტერმინები. აქედან ერთ-ერთია ანსამბლი „შავნაბადა", რომლის სახელწოდებასაც გაურკვეველია რატომ აკავშირებენ აფხაზეთთან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ პრეტენზიას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მიმართულია ყურადღების მისაპყრობად.

„როგორც ჩანს, მათ სახმაურო თემები გამოელიათ და ასეთი პროპაგანტისტული ტრიუკით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, თითქოს საქართველო ითვისებს რაღაც აფხაზურს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ტენდენცია მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ და ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებენ.

„პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია ევროპაში ქართული შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლების შესახებ, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ვითომდა „აფხაზური" კოლექტივები. მათ დასახელებაშიც მოხსენიებულია აფხაზეთის რესპუბლიკა და ქალაქი სოხუმი. კერძოდ, საუბარია „სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთზე", „სოხუმის დრამატული თეატრსა" და ანსამბლი „შავნაბადაზე".

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არაფერია სხვა, თუ არა დაუფარავი სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთ ჯგუფებს არასოდეს ჰქონიათ და არ აქვთ არანაირი კავშირი აფხაზეთის რესპუბლიკასთან.

„ასეთი გამოსვლები და ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებს, ორმაგის სტანდარტების პოლიტიკის გამო, უკვე წლებია არ ეძლევათ ამავე ევროპის ქვეყნებში საშუალება, წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას, რომ გააქუმონ ნამდვილი აფხაზური კულტურა და გადააკეთონ ჩვენი ერის ისტორია", - ნათქვამია დე ფატო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს უჭირს იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს სეპარატისტთა ეს მოულოდნელი პრეტენზია. მისთვის განსაკუთრებით გაუგებარია რატომ იწვევს დასახელება „შავნაბადა" პროტესტს სოხუმში.

„ეს რაღაც ძალიან უაზრობაა და გინდ ჰქონდეთ პრეტენზია და გინდ არა, არ შესრულდება. როგორც ჩანს, მათ სახმაურო თემები გამოელიათ და ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. თუმცა ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს.

„წარმოდგენა არ მაქვს „შავნაბადას" რას ერჩიან, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, არც მაინტერესებს, რადგან უაზრობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. ეს არის პროპაგანტისტული ტრიუკი, რათა ყურადღება მიიქციონ, რომ თითქოს საქართველო ითვისებს რაღაც აფხაზურს. იმდენი ჭკუა არ ჰყოფნით, რომ ამით პირიქით - ადასტურებენ, რომ აფხაზეთი საქართველოა.

„ძალიან წიდაუხედავი და სულელური განცხადებაა, რადგან როგორც კი ამბობენ, რომ სოხუმის დრამატურგიული თეატრი არ არის აფხაზური, ამით ავტომატურად ამტკიცებენ, რომ ეს ქართულია. თუ ვინმე ამას ყურადღებას მიაქცევს, მიხვდება, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.

„ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ეს იმდენად მეასეხარისხოვანი თემაა, რომ პირადად ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. აქედან არაფერი გამოვა, იფხაკუნებენ, იფახუნებენ და გაჩერდებიან. ამას იმდენად გაუთვლელად ამბობენ, ვერ ხვდებიან, რომ ამას საქართველო ბუნებრივი ფორმებით იყენებს, თეატრი იქნება, ანსამბლის თუ სხვა სახელებით. ასე რომ, ძალიან უსუსური პრეტენციებია, რომელიც მალე ყველას დაავიწყდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×