რეზონანსი
13.03.2025

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ცენტრში ისევ რუსეთის სამფეროვანი დროშა ააფრიალეს, მას შემდეგ, რაც ეს რუსული ქალაქი, ისევე, როგორც კურსკის ოლქის 1 200 კვ.კმ. ფართობის რუსეთის ტერიტორია უკრაინის საექსპედიციო კორპუსს ჰქონდა ოკუპირებული...

გადამწყვეტი აღმოჩნდა 8 მარტის შეტევა, როდესაც რუსულმა საბრძოლო დანაყოფმა სამხედრო ეშმაკობას მიმართა და გაზის მსხვილ მილში ფარულად გაიარა რამდენიმე კმ-ი, რის შემდეგ უკრაინელების პოზიციების ზურგში აღმოჩნდა...

მას შემდეგ, განვლილ ოთხ დღეში, რუსეთის გენშტაბმა გააძლიერა შეტევები და უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებული რაიონი სოლივით შუაზე „გააპო“.

უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მებრძოლების დიდ ნაწილს ნაწილობრივ ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, რასაც აძლიერებდა ლოგისტიკის ერთადერთი საავტომობილო გზის სრული გადაკეტვის საფრთხეც.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადააყენა უკრაინის არმიის „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დმიტრი კრასილნიკოვი, რაც სამხედრო წარუმატებლობის ირიბი აღიარებაა კიევის მხრიდან, რადგან სწორედ გენერალი კრასილნიკოვი ხელმძღვანელობდა ბოლო ორი წელი „ჩრდილოეთის“ ოპერატიულ სარდლობას.

ამასობაში უკრაინული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირველად ეწვია კურსკის ოლქს.

„უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში, და სრულად გავათავისუფლოთ რეგიონი“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტი გათავისუფლებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×