რეზონანსი
12.03.2025

პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა. „ქართული ოცნების“ მესიჯია, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. აღნიშნულით ბასილაიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

„როგორც ვვარაუდობდით, პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა. ეს არის „ქართული ოცნების“ მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ეს მოვისმინეთ და ეს არ არის პოლიტიკური შეფასება. სასამართლოს როცა ვუსმენთ და მოჰყავს არგუმენტები, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ ათ პროცენტზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როდესაც ამბობს, რომ ცხრა მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როდესაც ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? 

ასე უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია, გავაგრძელოთ. მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ოფიციალური ღონისძიების საკითხი, როდესაც, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან სტუმრობდა დელეგაცია საქართველოს და ამ დელეგაციებისთვის იყო გაწეული ხარჯი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, რომელთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბექა ბასილაიას შეფასებით, თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი კვალიფიკაციის მიცემა უკანონო გადაწყვეტილებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×