
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და სხდომის გადადება მოითხოვა გამოჯანმრთელებამდე.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს აქამდე 6 წელი ჰქონდა მისჯილი და აქედან უკვე 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა. ახლა კი ახალი განაჩენით დამატებით კიდევ 3 წელი მოუწევს ციხეში გატარება.
"მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი", – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.