
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.
შემზარავი ისტორია ამით არ სრულდება - ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ახლა დები ამ სკოლაში აღარ სწავლობენ, დირექტორი კი დეტალებზე საუბარს ერიდება.
სკოლის, კლინიკისა და სოციალური მუშაკის ინფორმირების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს დებმა. მათ დაასახელეს ყველა ის ადგილი, სადაც 50 წლის კაცი დანაშაულს სჩადიოდა. მათი ჩვენებების შემდეგ, დაკავებულს ბრალი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, თუმცა მამაკაცი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა.
მეზობლებს შემზარავი ისტორიის დაჯერება ახლაც უჭირთ.
მძიმე ბრალდებებით გასამართლებული კაცის ადვოკატმა კომენტარზე უარი თქვა. მსჯავრდებულის ოჯახში ღიად საუბარი არ ისურვეს.
დახურული სხდომის განმავლობაში, პედოფილიაში მხილებული კაცი თავს რამდენიმე არგუმენტით იმართლებდა. მსხვერპლი ბავშვების დედას, რომელიც მსჯავრდებულის მეგობარი ქალია, საკუთარი შვილების არ სჯეროდა.
როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში მყარი მტკიცებულებები დევს და გამამტყუნებელი განაჩენიც ამას დაეყრდნო. საქმის პროკურორი ელოდება, რომ სააპელაციო სასამართლო 17-წლიან სასჯელს ძალაში დატოვებს.
ახლა ჯერი თბილისის სააპელაციო სასამართლოზეა. უახლოეს თვეებში მან უნდა გადაწყვიტოს 50 წლის კაცის ბედი.
წყარო: კურიერი პ.ს.