რეზონანსი
08.03.2025

რუსეთი დასავლეთის ერთიანობის გამოცდას აპირებს, განსაკუთრებით ნატოს მე-5 მუხლის - კოლექტიური თავდაცვის - კონტექსტში. როგორც dpa იუწყება, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში მე-5 მუხლის სანდოობის შემოწმების სცენარებს განიხილავენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ასეთი გამოცდა არ ჩატარდება. თუმცა, ამის გამორიცხვა შეუძლებელია“, - განაცხადა მან.

ნატოს მე-5 მუხლი შეკავების პოლიტიკის ძირითად ელემენტად რჩება. მასში ნათქვამია, რომ თავდასხმა ნატოს ერთ წევრზე განიხილება თავდასხმად ყველაზე. კალის თქმით, რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა, შეეცადოს, ეჭვქვეშ დააყენოს დასავლეთის ქვეყნების მზადყოფნა ამ პრინციპის განსახორციელებლად.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთის „გამოცდის“ დრო დამოკიდებულია უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე.

მისივე თქმით, თუ ომი 2029, ან 2030 წლამდე დასრულდება, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს, გამოიყენოს თავისი ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური რესურსები, რათა ევროპას საფრთხე მოსალოდნელზე ადრე შეუქმნას.

„უკრაინაში ომის სწრაფი დასრულება რუსებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ენერგია მიმართონ იქ, სადაც ნამდვილად სურთ, კერძოდ, ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, რუსეთი ხედავს მომავალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჰგავს 1990-იანი წლების ბოლოს ევროპაში არსებულ ვითარებას, რომელშიც ნატოს, როგორც დამცავის, ყოფნა განზე იქნება გადადებული და რუსეთის გავლენის სფერო დასავლეთისკენ გაფართოვდება - იდეალურ შემთხვევაში, ევროპაში ამერიკული ყოფნის გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×