
ოპოზიციის დიდი ნაწილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების მოტყუების ტოლფასია.
"იქამდე არის ძალიან დიდი დრო დარჩენილი. მე მგონია, რომ ამ სტატუს კვოში არცერთი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ამ ქვეყანაში ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ვინც ამ გეზს გადაუხვევს, ეჭვი მეპარება, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამომრჩევლის მოტყუება იქნება შესვლა, რადგან ხელისუფლება არ შეიცვლება, არჩევნები გაყალბდება. არჩევნების ასეთ ფორმატში მონაწილეობის მიღება, სადაც ხელისუფლება არ იცვლება, უბრალოდ წარმოუდგენელია," - აცხადებს ლევან სანიკიძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იქამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
"ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს დემოკრატიულ მმართველობას და აღადგენს სამართალს - მხოლოდ და მხოლოდ ესაა გამოსავალი. სხვა საკითხებზე არც მსჯელობა, არც საუბარი არ მიმდინარეობს, შესაბამისად, არც არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნება, რომელიც გაუსწრებს მუნიციპალურ არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ, მუნიციპალური არჩევნებში მონაწილეობის მიღება გახდება შესაძლებელი მაშინ, როცა ჯერ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.