რეზონანსი
04.03.2025

 ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი და საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში - ესაა ის ძირითადი საკითხები რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქცენტი უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერთან გააკეთა. მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საკანონმდებლო პალატის სპიკერის გარდა, დღეს, საქართველოს პრემიერი უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარესაც შეხვდა, სადაც ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ტაშკენტში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ხვალ დაგეგმილია ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართება.

ოფიციალურ შეხვედრებამდე, პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის ტექნოპარკსა და ელექტროტექნიკის ქარხანაში იმყოფებოდა.

სტუმრებს ტექნოპარკის გენერალურმა დირექტორმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა ტექნოპარკი დაათვალიერა და ელექტროტექნიკის ქარხანაში პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში გრძელდება. ირაკლი კობახიძე ტაშკენტში ხვალ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×