რეზონანსი
04.03.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიას "ერთ-ერთ ყველაზე არასერიოზულ ევროპულ სტრუქტურას" უწოდებს. მისი აზრით, ის "გლობალური ომის პარტიის ინტერესებს" ემსახურება.

ეს განცხადება მან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას გააკეთა, რომელმაც პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები გააკრიტიკა.

"რეალურად, ნახავდით, რომ საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ ამ მოთხოვნას. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა საკუთარი განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.

ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე შეიწერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება. ასევე, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ნიღბების ტარება და ლაზერის გამოყენება.

ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, კანონპროექტები დაჩქარებულად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×