
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.
სასწრაფო მოსაზრება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა.
"საკანონმდებლო პროცესის ანალიზისას, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ჩარჩო მქონე დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებს ზედმეტად ფართო დისკრეციას მათ გამოყენებაში. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.
უფრო მეტიც, ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ადეკვატურად არ იყო დასაბუთებული. ახალი მკაცრი პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია...
ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. " ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით უკიდურესად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ცვლილებები შევიდა შეკრება მანიფესტაციების კანონში, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაიზარდა, სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა, გაიზარდა პოლიციელის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების შემთხვევაში საპატიმრო ვადები, აიკრძალა დახურულ სივრცეში ნებართვის გარეშე პროტესტი და სპონტანური აქციისთვისაც კი საჭირო გახდა ნებართვის აღება.