
მე-11 მოწვევის პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პირველ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის მდივნის თანამდებობაზე პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი აირჩიეს. სხდომაზე დაამტკიცეს კომისიის დებულება.
ასევე, კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზის შესახებ იმსჯელა.
"ჩვენ გვაქვს გარკვეული მასალა, რომელიც ვფიქრობთ, რომ პარლამენტის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა გადაეცეს განსახილველად.
ეს არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი, რომელიც იმ მოვლენების და პროცესების დამახასიათებელია რომელსაც 2004-2009 წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და დაკავშირებულია იმ უბედურებასთან, რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში დაატყდა თავს", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.