რეზონანსი
28.02.2025

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა მიზანმიმართულად, აგურ-აგურ ანგრია ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში" საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ და მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით საუბრისას.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება ქალბატონ კელი დეგნანთან დაკავშირებით, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად, აგურ-აგურ ანგრია ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. სწორედ მისი დამსახურებაა. ეს არ არის მისი ერთპიროვნული დამსახურება, რა თქმა უნდა, ის იღებდა კონკრეტულ დავალებებს და ასრულებდა ამ დავალებებს ცუდად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ურთიერთობა შესულიყო ჩიხში. ამას ხომ თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ რომ უარი ვთქვით მოხალისეების გაგზავნაზე, ჩვენ რომ უარი ვთქვით ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, რაც თავისთავად როგორც აღვნიშნე გამოიწვევდა ეკონომიკურ კოლაფს ჩვენს ქვეყანაში და პირდაპირ უდიდეს სამხედრო ესკალაციის საფრთხეს შექმნიდა და იქნებოდა საფუძველი ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისა, ამ ყველაფერზე უარი რომ ითქვა, მაშინ უკვე დაიწყო არა „ქართული ოცნების" ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დასჯა", - განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ამ ყველაფერს მოჰყვა პერიპეტიები ევროკავშირის წევრობის, კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს მიადგა უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი, რომ თითქოს იყო შავი ხვრელი, რითაც სანქციების თავის არიდება იყოს შესაძლებელი. გორდულაძემ აღნიშნა, რომ წლები დასჭირდა იმას, რომ ყველას ენახა, რომ არავითარი შავი ხვრელი ქვეყანაში არ არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში მოღალატე ოპოზიციონერებად წოდებული ადამიანები, სხვა ძალების აგენტურა ახლაც კი ბედავს და ახლაც კი იმეორებს, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში შავი ხვრელი არის, რითაც სანქციების თავის არიდება ხდება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველო-დასავლეთის ურთიერთობას პირდაპირ ანგრევენ და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს", - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×