
თეთრი სახლის კარი ხვალ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაიღება. ვოლოდიმირ ზელენსკი, 38 დღიანი ლოდინის შემდეგ, დონალდ ტრამპს შეხვდება. 47-ე პრეზიდენტის პირისპირ მაგიდასთან უკრაინის ლიდერი იშვიათ მინერალებზე კიევსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოხვდა. თუმცა, ზელენსკის, სანაცვლოდ დათმობაზე წასვლა მოუწია, რადგან საბოლოოდ, შტატებთან დადებული შეთანხმებაში უკრაინისთვის რამდენიმე საკვანძო საკითხი ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, არც ოვალურ კაბინეტში ხვალ დაგეგმილი შეხვედრა ჩაივლის მარტივად, რადგან დონალდ ტრამპმა ღიად თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანება უნდა დაივიწყოს.
რა პოზიციას დაიკავებს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ზელენსკი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე ჯერ უცნობია. თავად ზელენსკი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრის სამზადისშია. პრეზიდენტები ხელს იშვიათი წიაღისეულის და სხვა რესურსებთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება დისკუსია მათ შორის.
დონალდ ტრამპთან შეხვედრას ელოდება რუსეთის პრეზიდენტიც. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პირველი კონტაქტი ვლადიმერ პუტინს შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით იმედს უჩენს.
პუტინმა თქვა ისიც, რომ მოსკოვი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების მომხრეა. თუმცა, ამ დრომდე ყველა მხარის განცხადება მხოლოდ განცხადებად რჩება. უკრაინაში ომის 1100-ე დილა გათენდა და რუსეთის თავდასხმებს დღესაც ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.