რეზონანსი
26.02.2025

სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული არიან თავდაცვის ძალები, როგორც სპეციალური ქვედანაყოფის, ასევე სამთო მომზადების ცენტრის წარმომადგენლები და დასავლეთის სარდლობა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“.

„უკვე მეორე დღეა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ჩართულები არიან სტიქიასთან ბრძოლაში. 6 ძირითადი მიმართულებაა, როდესაც ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ბაზირების წერტილები, საიდანაც ვცდილობთ სრულად დავფაროთ ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც არის სტიქიით გამოწვეული პრობლემები. თავდაცვის ძალების მფლობელობაში არსებული ათეულობით სპეციალური ტექნიკა არის მობილიზებული, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტში მუშაობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისებს, გზების დეპარტამენტს და სხვა ჩართულ ორგანოებს თავდაცვის ძალები დაეხმარონ გზის გაკვალვაში, რათა გზა კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებამდე გავიდეს.

„დასახლებულ პუნქტებში ინდივიდუალურად ჯარისკაცები შედიან პირველ რიგში იმ ოჯახებში, რომლებშიც არის საჭიროება და ცდილობენ ოპერატიულად მიაწოდონ მათთვის საჭირო პროდუქტი თუ წამლები. თუ იმ წუთას, იმ მომენტში ვერ ხერხდება საჭიროების უზრუნველყოფა, ჩვენ გვაქვს ოპერატიული კომუნიკაცია შტაბთან და შტაბს მიეწოდება სრული ინფორმაცია, თუ სად არის გასამახვილებელი ყურადღება. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ვცდილობთ ყოველი დასახლებული პუნქტის შემდგომ ახალ დასახლებულ პუნქტზე გადავიდეთ. ეს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ახლა კვლავაც უხვი ნალექი მოდის, როგორც ხედავთ, თუმცა ჩვენ არ შევჩერდებით და ვიდრე შესაძლებელი იქნება გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×