
მთელი საქართველო უამინდობას ებრძვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების პროგნოზზე საუბრობს:
„საქართველოს ტერიტორიაზე არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ დიდთოვლობა, ჰაერის ტემპერატურის დაბალი მაჩვენებლები, ზოგან ძლიერი ქარი გამოიწვია. ასეთი ამინდები ქვეყნის მასშტაბით 27 თებერვლის ჩათვლით იქნება შენარჩუნებული. 27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გამოიდარებს, 28 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ასე გაგრძელდება 1-2 მარტსაც და 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
დღეს, ხვალ, ზეგ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში კვლავ უარყოფით ნიშნულზე იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 28 თებერვლიდან 3 მარტამდე ღამის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. მინუს 6 გრადუსამდე დასავლეთ საქართველოში და მინუს 10-12 გრადუსამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებია, სიფრთხილე გვმართებს გზებზე, ლიპყინული, ქარბუქი, დიდთოვლობა და ხილვადობის გაუარესება გზებზე საფრთხეს უქმნის მოძრაობას და გარკვეულ უბნებზე მოქმედებს შეზღუდვები.
თბილისში კვლავ დაბალ ტემპერატურებს ველით ღამით -5,-3, დღისით +1+3 გრადუსის ფარგლებში, დროგამოშვებით მცირე თოვა - 24-27 თებერვალს არის მოსალოდნელი. 28 თებერვლიდან ღამის ტემპერატურები კიდევ უფრო დაიკლებს.
მარტის დასაწყისში ნამდვილად იქნება ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ ყინვები მხოლოდ მთიან და მაღალმთიან რეგიონებშია მოსალოდნელი“, - განუცხადა "ამბებს" თამარ პაპაშვილმა.
ambebi.ge