რეზონანსი
24.02.2025

ყველა რეზოლუცია, სადაც რუსეთი მოხსენიებული იქნება აგრესორად და ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, უნდა იყოს მხოლოდ მხარდაჭერილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინის სახით გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არ გამოუვიდა და არც გამოუვა.

„ერთი რამ ვიცი, რომ უკვე სამი წელი გახდა, რაც უკრაინელი გმირი ხალხი იბრძვის საკუთარი და ცივილიზებული სამყაროს ინტერესების, თავისუფლების დასაცავად. ეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის, სადაც რუსეთი, ტერორისტული სახელმწიფო პუტინის მეთაურობით, ცდილობს, გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო უკრაინის სახით, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არ გამოუვიდა და არც გამოუვა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და უკრაინა იქნება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი გმირები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს. შესაბამისად, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს რომელი საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, ერთადერთი რამ ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დამთავრდეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების სასიკეთოდ. სხვა რაიმე მსჯელობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ან ამ ომის სხვანაირი სახით დამთავრებაზე ვერ და არ უნდა იყოს. უკრაინა უნდა გამოვიდეს ამ ომიდან კვლავ ერთიანი, გაძლიერებული, გამარჯვებული, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“, – აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს, რომლის სტრატეგიული პარტნიორიც იყო უკრაინა, ბევრად მეტი უნდა გაეკეთებინა ომთან დაკავშირებით, ვიდრე გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი და აქტიური უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ, მათ შორის, ცივილიზებული სამყაროს, ევროკავშირის ქვეყნების, რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების, საქართველოს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული, დიპლომატიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებდა უკრაინას. ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს, ეს არის სრული კატასტროფა. ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ, სულ მცირე, იმის გაკეთება შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, ყოფილიყო მსჯელობა, რა შეიძლებოდა, უფრო მეტი გაკეთებულიყო უკრაინისთვის, რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო საქართველოსთვის საერთო უსაფრთხოების ნაწილში.

ფაქტი ერთია, რომ ამ ომში რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, დახოცა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცი და რუსეთი უქმნის საფრთხეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენიებული აგრესორად, ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, რომ პუტინის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ხოცავდა, ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ვფიქრობ, მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხოლოდ მხარდაჭერილი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×