რეზონანსი
23.02.2025

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნა და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ მერცის „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მთავრობის ფორმირებისთვის მათ ალიანსის დამყარება სულ მცირე ერთ პარტიასთან მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მილიონ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი, წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×