რეზონანსი
22.02.2025

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ჩინოვნიკების ჩართულობა საქართველოს შიდა საქმეებში ორ მხარეს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

„ჯეფრი საქსის შეფასებები შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ცხადია, რომ ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, ევროპარლამენტარები, თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს თანამდებობის პირები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო მიტინგებზე, იღებენ მონაწილეობას გარკვეულ ტრენინგებზე, სადაც პირდაპირ დესტრუქციაზე და რადიკალიზმზეა საუბარი, ეს ჩართულობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აფუჭებს. საქართველოში დასავლური განწყობის გაფუჭება და შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ამ ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია. ჩვენი ხელისუფლება ამას ყოველთვის ადეკვატურად აფასებდა და როგორც ხედავთ, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდანაც ისმის შესაბამისი შეფასებები, რომლებიც აბსოლუტურად სწორია", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით - „მშვიდობის გეოპოლიტიკა" განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×