
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიასთან დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის დეტალების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
როგორც აღვნიშნე, შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იყო. იქ საუბარი იყო ახალი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.
ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა დაიწყო. "ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ მათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აკრძალონ. სწორედ ე.წ. საგამოძებო კომისიის ფარგლებში იგეგმება, რომ პარასკევს არალეგიტიმურ პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგველაძე დაიბარონ.