რეზონანსი
19.02.2025

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრომობილების დამტენების განთავსებაზე გამოცხადებულ აუქციონში ორმა კომპანიამ გაიმარჯა. დღეს სააგენტოს ხელმძღვანელს - სერგო ბირკაძესა და გამარჯვებული კომპანიების  წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

დედაქალაქის მასშტაბით 198 ადგილზე ელექტრომობილების დამტენების განთავსებაზე გამოცხადებული აუქციონი 4 თებერვალს დასრულდა.  გაიმარჯვა ორმა კომპანიამ -  შპს „ქართლი ენერჯიმ“ და „ბრბ სოლარ“-მა. 

აუქციონი გამოცხადებული იყო სამ ლოტზე, თითოეული ლოტი მოიცავს 66 ლოკაციას. აუქციონის პირობების თანხამად, ხელშეკრულების გამოფორმებიდან რვა თვეში უნდა მოხდეს დამტენების დამონტაჟება.  საიჯარო ვადად განისაზღვრა 10 წელი. 

 გამარჯვებული კომპანიები ვალდებული არიან დამტენების განთავსებიდან საიჯარო პერიოდის ამოწურვამდე, მუდმივად უზრუნველყონ დამტენების გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირება და მომხმარებლისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება. მომსახურების ფასის დადგენა მოხდება კომპანიების მიერ. 

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობა წავახალისოთ და რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში. მერიამ ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე ყველაზე ბევრი - 198 ლოკაცია შეირჩა, რაც მძღოლებისთის მეტ კომფორტს შექმნის,“ - აღნიშნა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×