რეზონანსი
19.02.2025

დღეს განცხადდა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით წლების წინ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას.

მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგაც საუბრობდა.

„ეს მშვიდობის რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იყო გაჟღერებული, ხდებოდა უსამართლო და მზაკვრული თავდასხმის ობიექტი ძალიან ბევრი აქტორის მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით - რადიკალების, ასევე მათი დავალების მიცემების, იმ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელიც ჩვენს მიერ იყო გაჟღერებული. ეს ფრაზაც თავის დროზე თითქოს, ქილიკის და დაცინვის საგნად იყო ქცეული.

არადა, მსოფლიოში ალბათ უძლიერესი ქვეყნის ხელისუფალმა რომელიც სულ ახლახან შებრძანდა თეთრ სახლში, ბრძანა და განაცხადა, რომ კი, შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო ომი და ძალებმა, რომლებიც საპირისპიროს სურვილით იყვნენ გამსჭვალულნი, მათ სამწუხაროდ, საწადელს მიაღწიეს და ომის ქარ-ცეცხლი გააჩაღეს ევრაზიის კონტინენტზე. ამ ყველაფერს უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა პირველ რიგში ჩვენს მეგობარ უკრაინაში. ასიათასობით ადამიანია დაღუპული, განადგურებულია ქალაქები, სოფლები და პერსპექტივა, რომელიც უკრაინას აქვს - ძალიან მდარე, იმ ფორმით, სადაც მასაც კი აღარ აღებინებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა საქართველოს პარლამენტის სამი წლის წინანდელი რეზოლუცია.

„კარგად გახსოვთ ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ იყო ჩაწერილი, რომ ომის დაუშვებლობა უნდა იყოს ყველა ხელისუფალის, ყველა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა. არადა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ პოზიციონირებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, ამა თუ იმ სახელმწიფოს ლიდერები, თვითონ უკრაინის პრეზიდენტი. იმ ფაქტს, რომ უკრაინას რუსეთის დაესხა თავს, კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ეს ომი აცილებულიყო თავიდან? კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო და თუ არა ის ანტიმშვიდობის და ანტიეროვნული პოლიტიკა როგორც უკრაინაში, ასევე ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს ყველაფერი ამ უდიდესი ტრაგედიით არ დასრულდებოდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის არმიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა: „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×