
„იუესაიდი“ არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილონ მასკის თქმით, USAID-ი „ზოგიერთ ღირსეულ საქმეს“ აკეთებს, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ „არჩევნებზე გავლენა საეჭვო გზებით მოახდინოს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მოსამართლეები მისი აღმასრულებელი ბრძანებების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენ კორუფციის აღმოფხვრა გვინდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსამართლეებს სურთ კორუფციის ძიებაში ხელი შეგვიშალონ. ასე რომ, ჩვენ მოსამართლეებს უნდა დავაკვირდეთ, ეს სერიოზული დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ, ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ ბეიტსმა აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოების ვებსაიტებზე იმ გვერდების აღდგენის ბრძანება გასცა, რომლებიც „გენდერული იდეოლოგიისა და ექსტრემიზმის შესახებ“ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად წაშალეს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილებას ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
„სულ მცირე, ჩვენ ამ უვარგისი იურისტის გათავისუფლება უნდა ვცადოთ. იდეა, რომ მოსამართლეს უვადოდ მუშაობა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ცუდი იყოს მისი გადაწყვეტილებები, სასაცილოა!“ - დაწერა ილონ მასკმა.