
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო, მათ შორის ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზავას, მაია ცირამუას და ჟურნალისტებს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.
„მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასოთ, რომ არც ერთი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა“, – ამის შესახებ ნინო ქათამაძემ
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნინო ქათამაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ რუსთაველის გამზირსა და მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სწორია და უნდა გაგრძელდეს.
„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე და მთელ საქართველოში მიდის, ნამდვილად სწორი პროტესტია და ნამდვილად გასაგრძელებელია, რადგან ყველაზე მთავარს – თავისუფალს, ყველაზე მთავარს – სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგრძნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის
მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. მე ისიც არ ვიცოდი, თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, ასეთი ბოროტი დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი დანაშაული დაფიქსირებულიყო”, – განაცხადა ქათამაძემ.