რეზონანსი
10.02.2025

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან ათ წლამდე და შვიდიდან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×