რეზონანსი
09.02.2025

დაინტერესდება თუ არა ტრამპი აშშ-ის საელჩოს ქმედებებით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩომ ბევრი რამ გააფუჭა საქართველოში და ეს შემთხვევითი პროცესი არ ყოფილა. წინა ელჩი კელი დეგნანი, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია იყო, მშვენივრად მუშაობდა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა, მაგრამ როგორც კი აშშ-ში შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა ბაიდენის ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმი, კელი დეგნანის რიტორიკაც შეიცვალა, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში. 

„ახლანდელი ელჩი - დანიგანიც არ ჩამორჩება წინამორბედს. ბაიდენის ადმინისტრაცია რომ არ დამარცხებულიყო, დეგნანზე უარესი იქნებოდა ახლანდელი ელჩი დანიგანი. საბედნიეროდ, გაიმარჯვა ტრამპმა. ამის გამო ნამეტანი ეიფორიაში ნუ ჩავცვივდებით, ვინაიდან ტრამპი ატარებდა და ატარებს ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს. არავითარ შემთხვევაში, ტრამპი ამერიკის ინტერესებს არ უღალატებს, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს „დიფ სთეითთან“, „იუესაიდთან“, „ნედთან“ ბრძოლა. 

აშშ-ის საელჩოს მხილება ჩვენი პრემიერის მხრიდან ერთგვარი უვერტიურა ხომ არ არის, რომ ტრამპმა დაიწყოს შეტევა ცალკეულ საელჩოებში გაბატონებულ „დიფ სთეითებზე“, მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან საქართველოდან დაიწყო ყველაფერი, მათ შორის, ლგბტ-ობის საწინააღმდეგო კანონის მიღება. იმ დროს ამერიკის საელჩო და მთელი დასავლეთი როგორ გვეწინააღმდეგებოდა, როგორ თუ ამ კანონს იღებთო. გამჭვირვალეობის კანონს ახსენებს ახლა ვინმე? პირიქით, აშშ-ის ადმინისტრაცია უტევს იმ ორგანიზაციას, რომელიც აფინანსებდა და რევოლუციურ სცენარებს ქმნიდა ამა თუ იმ ქვეყანაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე მოსაზრებით, ამჟამად გატრუნულია აშშ-ის საელჩო, რადგან გაურკვევლობაშია, მათ იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან წამოსული ტალღა მათაც მისწვდება და აშშ-ის საელჩოში გაბატონებულ ე.წ. საელჩო ბიუროკრატიასაც, რომელიც აუცილებლად უნდა წაილეკოს. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა უცბად „იუესაიდიდან“, რამდენი ტრანსგენდერი თავისუფლდება ჯარიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან უამრავ ადამიანს უშვებენ. ესაა გაჯანსაღების პროცესი, რომელიც აუცილებლად მისწვდება საქართველოში მოქმედ აშშ-ის საელჩოსაც და ყველა დანარჩენ საელჩოსაც.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×