რეზონანსი
08.02.2025

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

„როდესაც ეუთო-ოდირის საპარლამენტო ანგარიში გამოქვეყნდა არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა სუბიექტს საშუალება ჰქონდა ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანია, მაშინ მათ ეუთო-ოდირის გაშავება დაიწყეს, ამ შემთხვევაში პირიქით საუბრობენ, ეს რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტია. როდესაც მათ რაღაც სჭირდებათ „ქართული ოცნებისგან“, მოგვიხსენიებენ როგორც ხელისუფლებას, როდესაც არ სჭირდებათ, მაშინ ჩვენს ლეგიტიმაციას არ აღიარებენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×