
ამ ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი ასეთი [აშშ-ის „ფარას“ ანალოგი] კანონი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური რეპრესიის ერთით მეტი ინსტრუმენტი და სხვა არაფერი. „ქართული ოცნების“ ადგილზე, მე არათუ ტრენინგებს, პირდაპირ წიგნის კითხვას ავკრძალავდი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერ დასავლურთან ბრძოლა არის ყველაფერ ქართულთან ბრძოლა.
„როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება საუბრობს გამჭვირვალობაზე, აქ სიცილის გარდა სხვა კომენტარი არ გვაქვს. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე გაუმჭვირვალე, ყველაზე ბუნდოვანი და ყველაზე შავ-ბნელი ზრახვების მატარებელი ხელისუფლება, რომელსაც არაფერი საერთო არ გააჩნია გამჭვირვალობასთან და მეტიც, დეკლარაციებიც კი არ აქვს საჯაროდ გავრცელებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია არაერთი მაღალჩინოსნის შესახებ თუ როგორ იყიდეს სახლები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს არის ძალიან კარგი დასტური იმის, რაოდენ კორუმპირებული და გაუმჭვირვალე ხელისუფლება გვყავს. დემოკრატია უნდა იყოს ნამდვილად გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაფინანსების წყაროები, ისე როგორც ლობისტური ინტერესები უნდა იყოს ადეკვატურად და ნათლად დეკლარირებული. ამ ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი ასეთი კანონი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური რეპრესიის ერთით მეტი ინსტრუმენტი და სხვა არაფერი. ვფიქრობ, პირდაპირ წიგნის კითხვის აკრძალვა უნდა შემოიღონ, რათა ყაველაშვილისნაირი ჩლუნგი ადამიანები იყვნენ პოლიტიკაში. „ქართული ოცნების“ ადგილას, მე პირდაპირ არათუ ტრენინგებს, წიგნის კითხვას ავკრძალავდი.
ყველაფერ დასავლურთან ბრძოლა არის ყველაფერ ქართულთან ბრძოლა. იმიტომ, რომ დასავლეთისა და საქართველოს ინტერესები არასდროს, არცერთი მომენტის განმავლობაში არ ყოფილა ერთმანეთთან აცდენილი. ჩვენ როგორც ძირძველი ქრისტიანული და ევროპული კულტურა, ვართ იმ დასავლეთის ნაწილი. ვიღაც სხვის ინტერესზე კი არ არის საუბარი, ჩვენივე ინტერესზეა საუბარი. იმისთვის, რომ ეს გქონდეს გააზრებული ან რაიმე უნდა გესმოდეს ამ ქვეყნის ისტორიის, ან სულ მცირე უნდა შეგეძლოს რომ გათავისუფლდე სხვა გავლენებისგან. ეს ხელისუფლება ვერ თავისუფლდება სხვა გავლენებისგან, რუსული გავლენებისგან. ისინი პირდაპირ არიან მიბმულები რუსულ კურსს, რუსულ გავლენებს. 27 ოქტომბრიდან მოყოლებული, დავინახეთ, რომ, ფაქტობრივად, დღე არ გასულა რომელიმე სახელმწიფოს რაიმე ტიპის წნეხი არ განეხორციელებინა „ქართული ოცნების“ თვითმარქვია ხელისუფლების მისამართით. ამავე დროს ვხედავთ, რომ ეს სანქციები სულ უფრო ღრმავდება, სანქციების შინაარსი უფრო მძიმდება, უფრო სერიოზული ხდება, უფრო წონადი ხდება და კიდევ უფრო მეტი გავლენის მატარებელია პირადად ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე. ეს არის კარგი, თუმცა არის საჭირო კიდევ მეტი. ჩვენ ვმუშაობთ ამ „მეტის“ მისაღწევად. ჩვენ ვითხოვთ სანქციების გაგრძელებას კონკრეტული პირების და არა ქვეყნის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დასანქცირდეს ქართველი ერი, რომ არ დაეკარგოს სამუშაო ადგილები, ქვეყანას რომ არ მიადგეს ზარალი, ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და რომელთაც აირჩიეს ახალი ხელისუფლება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხსა და საზოგადოებას. ისე უნდა ვიმოძრაოთ შემდეგი ძალიან რთული თვეების განმავლობაში, რომ ერთი მხრივ დავაზარალოთ ბოროტმოქმედები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ ქართულსა და ყველა ქართულს, მეორე მხრივ არაფრით დავაზარალოთ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო და მეორე, რაც ჩვენ მკაფიოდ მოვითხოვეთ [ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე], არის, ბუნებრივია, განგრძობითი მოწოდებები ახლი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.