
შეიძლება თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ მოსახლეობის აღწერა შედგა, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღწერის საველე სამუშაოების გახანგრძლივება ორი მიზეზით მოხდა, ერთი ის იყო, რომ მოსახლეობის ნაწილი კარს არ უღებდა ინტერვიუერებს, ხოლო მეორე რეგიონებში რთული მეტეოროლოგიური პირობები, რის გამოც, მონაცემთა შეგროვების პროცესი გახანგრძლივდა.
"31 დეკემბერს დავასრულეთ მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი, რაც დაკავშირებული იყო მონაცემთა შეგროვებასთან. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ივნისის ჩათვლით ვიმუშავებთ მონაცემთა ხარისხზე და ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებაზე, რათა მოვახდინოთ სხვადასხვა სახის არსებული ინფორმაციის ვალიდაცია. ივნისის ბოლოს, დაახლოებით 25 ივნისს, გამოქვეყნდება მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, ხოლო 2026 წლის ივნისში, უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, სოფლების, ქალაქების და მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობის აღწერის დეტალური შედეგები", - თქვა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, თვითრეგისტრაციამ 5%-ს გადააჭარბა და ამ მიმართულებით შედარებით მაღალი მაჩვენებლის მოლოდინი არსებობდა, თუმცა იმ ფონზე, რომ პირველად მოხდა გამოყენება, კარგი მაჩვენებელია.