
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა "პირველი არხის" ეთერში მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
„როცა მეუბნებიან, გამოხატე სოლიდარობა მზია ამაღლობელის მიმართ, მე უბრალოდ, მაინტერესებს, გამოვხატო მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობა, თუ მის მიმართ, როგორც მოძალადის მიმართ სოლიდარობა. იმიტომ, რომ სილის გარტმა ჩვეულებრივი ძალადობა იყო და ეს არის დასჯადი. მერწმუნეთ, დავუშვათ, მე გავარტყა სილა პოლიციელს კი არა, ნებისმიერ მოქალაქეს და გამაწესონ იქ, სადაც არის ახლა მზია ამაღლობელი. არც ერთი მათგანი ხმას არ ამოიღებს ჩემ დასაცავად.
მზია ამაღლობელის შიმშილობა ჩემს თვალში ეს უფრო რაღაც შანტაჟს ემსგავსება. აი, თუ თქვენ მე ახლა არ გამომიშვებთ და თქვენ თუ ახლა ჩემს ძალადობას არ გაამართლებთ, მე თავს მოვიკლავ. ეს არის შანტაჟი. კი, დარწმუნებული ვარ, ნანობს, მაგრამ ეს სინანული მან ალბათ, ხმამაღლა უნდა გამოხატოს. ამას ველოდებით და ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელსაც ის გადმოდგამს, რომელსაც კანონი ელოდება, რომელსაც საზოგადოება ელოდება. საზოგადოება ჩვენც ხომ ვართ, მარტო ისინი ხომ არ არიან, გარეთ რომ დგანან და უსტვენენ? მარტო ის ხომ არ არის სამოქალაქო აქტივისტი, ეკა გიგაური. მარტო ის ხომ არ არის ცნობადი სახე, დავუშვათ, დავით დოიაშვილი და მარტო თვითონ ხომ არ არიან ადამიანები? აქ ხომ ადამიანები ვართ? ჩვენ ყველას გვეცოდება, ადამიანი ციხეში რომ იჯდეს, მაგრამ მზია ამაღლობელს დღეს იცავენ ისინი განსაკუთრებით და მომიწოდებენ, სოლიდარობა გამოვხატო, ვინც გუშინ და გუშინწინ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს 7 ნოემბერი უსურვა. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს უბრალოდ ამაზრზენია.
ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დავარქვით, თუ რაღაც დეკლარირებული ზრდილობა, დეკლარირებული პოლიტკორექტულობა იქნება და არ იქნება გულწრფელობა, არც შედეგი იქნება და არც საზოგადოება შედგება. ჯერჯერობით იმიტომაც ვერ შევდექით ბოლომდე საზოგადოებად“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.