
აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ეს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების პროგრამების 90-დღიანი შეჩერების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას უკავშირდება.
"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულება სამხედრო და თავდაცვით სფეროზეც ვრცელდება, მათ შორის უკრაინის, ტაივანისა და იორდანისთვის განკუთვნილ დახმარებებზე, რადგან მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს.
ამასობაში უკრაინის პარლამენტის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციები დაიწყო ამერიკული დახმარების ჩანაცვლების შესაძლებლობის თაობაზე.
„სამწუხაროდ, უკრაინისა და ათობით სხვა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მასშტაბი, რომელიც ამერიკული დახმარების შეწყვეტას უკავშირდება, გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. უკრაინულ ორგანიზაციებს და სხვა სუბიექტებს, რომლებმაც მიიღეს გრანტები USAID-ისგან, არ ჰქონდათ დრო, მომზადებულიყვნენ ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკელ ხალხსა და მთავრობას აქვთ სრული უფლება, შეამოწმონ ამ დახმარების შედეგები და გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა გლობალური მხარდაჭერა. მაგრამ ვიდრე აუდიტი გრძელდება, უკრაინამ უნდა მიიღოს ოპერატიული ზომები, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოში საკვანძო პროცესების დესტაბილიზაცია, ასევე დაგეგმოს თავისი ქმედებები ამ მიმართულებით მომავალში. საპარლამენტო დონეზე, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია ამერიკული დახმარების შესაძლო ჩანაცვლებაზე - ყოველ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე ვაშინგტონში. თუმცა, პაუზის გამო, პროცესების შემდგომი ნორმალიზება შეიძლება მოხდეს სამ, ოთხ, ხუთ ან თუნდაც ექვს თვეში“, - აცხადებენ უკრაინის პარლამენტის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტში.