რეზონანსი
29.01.2025

ეს არის ცესკო-ს მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ - შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები - ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიმხვდარა, რა უბედურება ტრიალებს მის თავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია".

„ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაყალბებისათვის ემზადებიან, კვლავ აქვთ იმის იმედი, რომ ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენონ; ამ გამკაცრებული კანონით მაქსიმალურად შეეცადონ ამომრჩევლებზე მანიპულაციას, მოსყიდვას და ზემოქმედებას. თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ორი არჩევანია: ან არჩევნებით კატასტროფული წაგება ან ივანიშვილის ისე დასანქცირება, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აქვს სანქციები. მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს სანქცია და ეს მცირე დისკომფორტს უქმნის. საკმარისია, ოჯახის ერთ წევრზე, მაგალითად, უტაზე, რომელიც „ქართუ ფონდის" დამფუძნებელია და ყველაფერი მასზეა მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და დამთავრებულია. ამიტომ, უმძიმესი დღეები მოელის მას",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×