რეზონანსი
28.01.2025

უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა. ინფორმაციას Infostart-ი ავრცელებს.

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს, თუ - არა", - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 27 იანვარს მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთი და უნგრეთი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 27 იანვრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ახლა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანერგონ თავიანთ შიდა წესებში".

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და „ოჯახური ღირებულებების დაცვის" კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×