რეზონანსი
27.01.2025

2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის კაცის ბედი 12 მსაჯულის ხელშია - საუბარია იური კალანდარიშვილის საქმეზე, რომელმაც სანადირო თოფით 2 ახალგაზრდა კაცი, უახლოესი მეგობრები, ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე მოკლა.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ მეზობელი და მისი თანმხლები თავს დაესხნენ და მოიგერია. ადვოკატი კი, ნაფიც მსაჯულებს უმტკიცებდა, რომ წლების წინ, მეზობლებს შორის დაწყებული დავის ინიციატორი, მოკლული ბაჩო იყო. სადარბაზოში მისი რემონტის ნარჩენებმა იური კალანდარიშვილი შეაწუხა, რასაც მეზობლის ცინიკური პასუხი მოჰყვა. შემდეგ კი, ბრალდებულის კარზე შეურაცხმყოფელი მინაწერებიც გაჩნდა, იური კალანდარიშვილს კარის მეზობლის სახლში ხმაური და შეკრებებიც აღიზიანებდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბრალდებულმა საკუთარ კარზე კამერა უსაფრთხოებისთვის დააყენა, რამაც მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანა და კამერის მიმართულებით, უსიამოვნო ჟესტების ჩვენება დაიწყო.

გასული წლის 5 ივნისს - 37 და 38 წლის განუყრელი მეგობრების სიცოცხლის ბოლო დღე. ბაჩო სახლიდან, ნიკო კი ასურეთიდან მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. რესტორნიდან ნასვამები დაბრუნდნენ. ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულის სახლში დარჩენას გეგმავდნენ. 

საქმის პროკურორმა მსაჯულებს საბედისწერო ღამეზე უამბო. მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის კარზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. ჩანაწერს ხმა არ აქვს.

თავდასხმის მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა - ეს ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეაფასონ. მათ მოუწევთ იმის გაანალიზებაც - ცდილობს თუ არა იური კალანდარიშვილი მკვლელობის შემდეგ თავდასხმის ინსცენირებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 112-ს ნახევარ საათში დაურეკა, მაშინ, როცა ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

დედამ შვილი მკვლელობის წინა დღეს უკანასკნელად ნახა. დაზარალებულმა სასამართლოში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. გაიხსენა მისი შვილი და მკვლელობაში ბრალდებულთან პირველი დაპირისპირება. განმარტა, რომ სადარბაზოში დაწყობილი ხის მასალა ბაჩოს და ნიკოს ასურეთში, მშენებარე ფერმაში უნდა წაეღოთ.

შვილმკვდარი დედა ადვოკატების განცხადებასაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ბაჩო მარიხუანას და ალკოჰოლს იშვიათად მოიხმარდა, თუმცა ეს კონფლიქტის მიზეზი არასდროს გამხდარა.

„აღმოვაჩინე, რომ მის ნახატებს არ ჰქონდა ცალი თვალი... ზუსტად ასეთი იყო მიცვალებული...“ - განაცხადა სასამრთლოს სხდომაზე ოჯახის ახლობელმა.

საპირისპირო მიზანი აქვს ბრალდებულს - დაამტკიცოს, რომ 2 კაცი მოგერიების დროს მოკლა. სხდომები მტკიცებულებების გამოკვლევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ იქნება ვერდიქტი.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×