რეზონანსი
16.01.2025

გასული წლის ბოლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაწყვეტილებით გამოიცა 287-გვერდიანი წიგნი „დროშა სამეფო", რომელშიც სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა „ვარდების რევოლუციამდე" არასდროს ყოფილა საქართველოსთან იდენტიფიცირებული.

ნინო ჯაველიძის სოლიდურ სამეცნიერო ნაშრომში დასკვნის სახით ხაზგასმულია, რომ „მართლმადიდებელი ქართველი ერისთვის კათოლიკური იდეოლოგია არასდროს ყოფილა სულიერების საყრდენი", „საქართველოს სამეფო თუ სხვა დანიშნულების დროშებზე არ დასტურდება კათოლიკური ხუთჯვრიანი ნიშნის გამოსახვის ფაქტი", „არ არსებობს არანაირი ისტორიული საფუძველი, რომ ვაღიაროთ ხუთჯვრიანი სიმბოლოს ქართული წარმომავლობა" და „არამართებულია დღევანდელი სახელმწიფო დროშა გამოვაცხადოთ შუა საუკუნეების ერთიანი საქართველოს სამეფო დროშის სამართალმემკვიდრედ".

შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ ახალი „ნაციონალური" სიმბოლოები, რბილად რომ ვთქვა, არაგონივრულად დადგენილად მიიჩნია და პარლამენტს მისი შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ერთობლივ განცხადებას აკადემიის პრეზიდენტი, აღმაშენებლის ეპოქის სპეციალისტი, როინ მეტრეველიც აწერს ხელს, რომელიც აკაკი ბაქრაძესთან და გურამ შარაძესთან ერთად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური სიმბოლოს „დავითიან-გორგასლიანად" წარმოჩენის მცდელობებს.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა: „ხუთჯვრიანი დროშა ჩემი შემოტანილიაო", 1995 წლიდან ვინახავ „მიშას დროშას", რომელიც ფილარმონიაში გამართულ წინაასარჩევნო ღონისძიებაზე თსუ-ის სტუდენტებს შევარდნაძის „მოქკავშირელებმა" დაურიგეს... ან როგორ შეიძლება დღევანდელი სახელმწიფო (ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის") დროშის ქართველ ერთან ან მეფეებთან ასოცირება, როდესაც თსუ-ის ისტორიის მიმართულების დღევანდელი ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუაც ბრძანებს, რომ „ხუთჯვრიანი სიმბოლო კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელია და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა" („ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები", თბილისი, 2000 წელი).

მისასალმებელია, რომ მეცნიერების პოზიცია დედაეკლესიის მესვეურებმაც გაითვალისწინეს და საპატრიაქროს შენობის წინ ჩამოხსნეს 2004 წლიდან აღმართული ხუთჯვრიანი დროშა. ლოგიკურია, როდესაც კონსტიტუციის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და საკუთარი სიმბოლოები გააჩნია (ჯვარი, ხატი...), წმინდა სინოდს არ უნდა გამოეფინა სახელმწიფო დროშა, მით უმეტეს თუ მისი ქართული წარმომავლობა მეცნიერულად არ დასტურდება.

ამდენად, გამიხარდა, რომ „სახელმწიფო დროშის დღე" ხელისუფლების პირველმა პირებმა ამჯერად მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდებზე ერთაბზაციანი, ფაქტობრივად, ფორმალური მილოცვებით აღნიშნეს, რომლებშიც ხუთჯვრიან სიმბოლოსთან მიმართებით ქართველი მეფეები საერთოდ არ უხსენებიათ... მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ კურორტ ბახმაროდან შეგვახსენა, რომ „გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო."

პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომაც თავი შეიკავა დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშის ვახტანგ გორგასალთან ან დავით აღმაშენებელთან დაკავშირებისგან და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოლოცვაში განგვიმარტა, რომ თურმე „ეროვნულ სიმბოლოზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით - ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. საქართველოს ხუთჯვრიან დროშას თითქმის შვიდასწლიანი ისტორია აქვს, რისი დასტურიცაა შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურებისა და კარტოგრაფების მიერ შედგენილი რუკები და პორტოლანები".

ფაქტია, 14 იანვარს არც „რეიტინგული" („გამარჯვებული ხალხის") ტელევიზიებს გახსენებიათ „ვარდების რევოლუციის სიმბოლო" და მხოლოდ „იმედზე" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჰერალდიკის საბჭოს წევრმა, ჰერალდიკოსმა დავით კლდიაშვილმა „გვახარა", საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა „გორგასლიან-დავითიანია" და მასზე „მაცხოვარი და ოთხი მახარობელია" გამოსახულიო, რის თაობაზე ევროპელები მე-14 საუკუნიდან არიან ინფორმირებულებიო. ანუ, V- XII საუკუნეების ქართული სამეფო (სეფე) დროშის აღწერილობა კათოლიკე მისიონერების მიერ შუა საუკუნეებში შედგენილი საზღვაო რუკებით დაუდგენიათ ჰერალდიკოსებს...

გამოდის, მართალი ყოფილა სააკაშვილი, როდესაც საკრებულოს შენობის თავზე „აღმაშენებლის ხუთჯვრიანი დროშა" აღმართა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული დროშა კი არა, თურმე „ზოგადქრისტიანული" ყოფილა... არადა, ინტერნეტში ნებისმიერ მოქალაქეს (არაჰერალდიკოსსაც) შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია „იერუსალიმის დროშის" თაობაზე და იმაშიც დარწმუნდეს, რომ იერუსალიმის (იესოს) სიმბოლო (მაცხოვარი და ოთხი მახარობელი (ან ევანგელისტი) არსებითად განსხვავდება საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო (ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის") დროშისგან, რომლის წარმომავლობისა და შინაარსის თაობაზე სრულ ინფორმაციას ევროპელი ტამპლიერები ინტერნეტშიც აქვეყნებენ (Templar flag).

ამასთან, არაევროპელმა ჰერალდიკოსებმაც კარგად იციან, რომ ოფიციალურ სიმბოლოში უმნიშვნელო ცვლილებაც კი მის შინაარსს (სემანტიკას) არსებითად ცვლის. შესაბამისად, XIII საუკუნეში დაფუძნებული ე. წ. ტამპლიერების ორდენის წარმომადგენლები (როზენკრეიცერებიც) თვლიან, რომ ხუთჯვრიანი დროშის მათ ორიგინალურ ვერსიაში ცენტრალური დიდი ჯვარი „მოლივლივე" კი არ არის (სწორი ჯვარი, რომლის ტოტები დროშის კიდეებამდე არ გრძელდება), როგორც იერუსალიმის დროშაში (წმინდა ნიშანში, ჟოფრუა დე ბუილონის გერბში), არამედ წმინდა გიორგის სიმბოლოა (წითელი ჯვრის ტოტები დროშის კიდეებამდე გრძელდება, როგორც ინგლისის ეროვნული დროშაში) და მცირე ჯვრები სწორკუთხას ნაცვლად, ე.წ. მალტურ-ლეოპოლდურია (რვაქიმიანი)...

ანუ, ფაქტია, პარლამენტისა და მთავრობის იურისტი ხელმძღვანელების გარდა, უდიპლომო მე-6 პრეზიდენტიც მალევე გაერკვა „ხუთჯვრიანი სიმბოლოს" არამეფურ წარმომავლობაში, ხოლო ჰერალდიკის საბჭოს სპეციალისტები „ნაციონალურ დროშას" დღემდე „გორგასლიან-დავითიანად" მოიხსენიებენ, რაც 2003 წლის შემდეგ, თსუ-ის მეცნიერებისა და შესაბამისი დარგების პროფესიონალი ექსპერტების „ჩარეცხვისა" და მათი „რევოლუციური კადრებით" ჩანაცვლების ბრალია...

გამოდის, რევოლუციონერი სტალინიც მართალი ყოფილა, როდესაც დაასკვნა, „კადრები წყვეტენ ყველაფერსო!" როგორც ჩანს, დღემდე არა მარტო საკანონმდებლო და სამართალდამცავ ორგანოებში სხედან „მიშა მაგარიას" და მისი პარტიის მხარდამჭერი კადრები, რომლებიც აშკარად ყველაფერს კადრულობენ და ზიანს აყენებენ ქვეყანას. ისიც ფაქტია, რომ ქართულში „ეროვნულის" ნაცვლად ტერმინი „ნაციონალური" სწორედ სტალინმა დაამკიდრა და სააკაშვილის პარტიის „ნათლიმამაც" თვითონ არის, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა" ცალკე თავია სტალინის წიგნში „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი"...

ამდენად, ვინაიდან პარლამენტიც ინფორმირებულია ხუთჯვრიანი (ფაქტობრივად „ნაცმოძრაობის") დროშის წარმომავლობის თაობაზე, იმედი მაქვს, მიიღებს ზომებს სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებით შექმნილ აშკარა გაურკვევლობაში სიცხადის შესატანად.

იქნებ დადგა დრო, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეებს სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრან სიმართლე „ხუთჯვრიანი დროშის" წარმომავლობის თაობაზე, ბოდიში მოუხადონ „ნაცმოძრაობის" მესვეურების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი თვითნებობისთვის (ფაქტობრივად, ერი მოატყუეს...) და კონკურსის გამოცხადების გზით შეეცადონ სახელმწიფო დროშის მიმართ სამართლიანობის აღდგენას.

სახელმწიფო (ნამდვილად ეროვნული...) დროშა, ისეთივე გამორჩეული უნდა იყოს, როგორიც არანაკლებ 4-ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×