
მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელიც ამ წუთებში ბათუმში, საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ "ოცნებას" კიდევ ერთხელ შეეშალა. ხელოვანი ამბობს, რომ ივანიშვილის ელისუფლება საკუთარ ხალხს ყოველ ნაბიჯზე ღალატობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.
კიდევ ერთი არასწორი საქციელი ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ შეეშალათ, კიდევ ერთხელ სცემეს ადამიანები, კიდევ ერთხელ აუკრძალეს თავისუფალი სიტყვის გამოხატა. ყოველი დღე არის ღალატი საკუთარი ხალხის წინაშე და შემართება არის, მარტში გახდება ერთი წელი, რაც მიდის ბრძოლა წარმოუდგენელ კანონებთან. თან ისეთი კანონები დაგროვდა, რომ ერთად რომ განვიხილოთ, რა ჰქვია ასეთ სახელმწიფოს, ალბათ არ გაგვიჭირდება დავარქვათ. ასე რომ, აუცილებელია დღეს აქ ყოფნა, - ამბობს ნინო ქათამაძე.
უწყვეტი პროტესტი ბათუმში არც დღეს შეჩერებულა. დაკავებულ ჟურნალისტს კოლეგები, ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები მხარდაჭერას უცხადებენ. ათობით ადამიანი მზია ამაღლობელის გასამხნევებლად დღეს აჭარაში საგანგებოდ თბილისიდან ჩავიდა. ხალხი ივანიშვილის რეჟიმს გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებლის და კიდევ შვიდი ადამიანის სასწრაფოდ გათავისუფლებას სთხოვს.