მარიამ ვეკუა
12.01.2025

მარკ ცუკენბერგის ანონსს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე „მეტას“ სოციალურ ქსელებში ცვლილებების შესახებ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკა მოჰყვა. ცუკენბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა და „სიტყვის თავისუფლების აღდგენის“ წინაპირობას იძლევა. სისტემური ცვლილებები თავდაპირველად აშშ-ში ამოქმედდება. მსგავსი სისტემა მოქმედებს ტრამპის მოკავშირე, ილონ მასკის სოციალურ ქსელებზეც. არის თუ არა ეს „მეტას“ პასუხი ტრამპის მუქარაზე და რატომ გახდა ეს გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციის უკმაყოფილების მიზეზი?

მარკ ცუკენბერგი ფაქტების გადამამოწმებელ პროგრამას აჩერებს. „მეტას“ მფლობელი აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკურ მიკერძოებასა და მზარდ ცენზურას ასახელებს. ამის სანაცვლოდ მას შემოაქვს იმის მსგავსი სისტემა, რომელიც ტრამპის მოკავშირე ილონ მასკის, სოციალურ ქსელ „X“-ზე მოქმედებს.

„მეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჟურნალისტ ჯო როგანს პარასკევს გამოქვეყნებულ პოდკასტში განუცხადა,  რომ მის კომპანიაზე ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა, რათა ამოეღოთ კოვიდის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ პოსტები, „მათ შორის იუმორი და სატირაც“.

„ძირითადად, ეს ხალხი ბაიდენის ადმინისტრაციისგან გამოიძახებდა ჩვენს გუნდს და ყვიროდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ... ახლა ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაგრძელებას, ეს უბრალოდ, სასაცილოა“, - აცხადებს ცუკერბერგი.

აგვისტოში რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით პალატის სასამართლო კომიტეტისადმი მიწერილ წერილში ცუკერბერგმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა „მეტაზე“.

ცუკენბერგის თქმით, თეთრი სახლიდან კოვიდ-19-ის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაქრობას ითხოვდნენ, ეს შეეხებოდა იუმორსა და სატირასაც. პოდკასტში იგი საუბრობს, რომ ნანობს ზოგიერთი იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც კომპანიამ ამ მოთხოვნების შემდეგ მიიღო.

„ისინი ძალიან ძლიერად გვაიძულებდნენ ჩამოგვეშალა ის, რაც გულწრფელად იყო სიმართლე“, - აღნიშნა „მეტას“ მფლობელმა.

ცუკერბერგმა არ დააკონკრეტა თეთრი სახლიდან კონკრეტულად ვისი მოთხოვნა იყო „მეტას“ „პოლიტიკის შეცვლა“, რადგან ის ამ საუბარში არ მონაწილეობდა, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ კომპანია არ აპირებდა წაეშალა ის, რაც სიმართლე იყო, მაგრამ „ზეწოლა თეთრი სახლიდან მძიმე და აშკარა იყო“.

თავის მხრივ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცუკერბერგის გადაწყვეტილებას, შეეცვალა „ფეისბუქის“ ფაქტების შემოწმების განყოფილებები კომპანიის მიერ მოდერირებული საზოგადოების ჩანაწერებით, „ნამდვილად სამარცხვინო“ უწოდა.

„ეს სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ამერიკა წარმოადგენს. ჩვენ სიმართლის თქმა გვსურს. ჩვენ, როგორც ერი, ამას ყოველთვის არ ვაკეთებდით. ჩვენ გვინდა, სიმართლე გითხრათ. იდეა, რომ მილიარდერს შეუძლია, რამე იყიდოს და თქვას: იცი? ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას. ამ დროს კი მილიონობით ადამიანი ონლაინ კითხულობს სხვადასხვა ინფორმაციას. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საინტერესოა, რომ ეს ცვლილებები ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე ანონსდება. ცუკენბერგმა ახსენა, რომ ტრამპის ინაუგურაციას 1 მლრდ დოლარს შესწირავს.

ტრამპი და რესპუბლიკელები „მეტას“ ხშირად აკრიტიკებდნენ „მემარჯვენე ხმების ცენზურისთვის“.

ჯო კაპლანმა, გამოჩენილმა რესპუბლიკელმა, რომელმაც გასულ კვირას „მეტაში“ გლობალური საქმეების უფროსის თანამდებობა დაიკავა, თქვა, რომ ფაქტების გადამოწმების შეწვეტის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლასთან. კაპლანმა აღნიშნა, რომ ძველ სისტემას ბევრი ხარვეზი ჰქონდა და ბევრ კითხვებს აჩენდა.

„ახლა ჩვენ გვყავს ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი მოდის, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების დიდი მცველები არიან და ეს ქმნის განსხვავებას“, - განაცხადა კაპლანმა.

გასულ სამშაბათს მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ უყურებდა კაპლანის გამოსვლას „ფოქს ნიუსზე“ და აღნიშნა, რომ „მეტამ“ შორი გზა გაიარა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ტრამპი, რომ „მეტას“ გადაწყვეტილება იყო პირდაპირი პასუხი იმ მუქარებზე, რომლებიც ტრამპმა წარსულში ცუკებერგის მიმართ განახორციელა, ტრამპმა უპასუხა: „ალბათ. დიახ, ალბათ“.

ცუკენბერგის რიტორიკა 4 წლის წინ განსხვავებული იყო. იგი ამბობდა, რომ ფაქტების გადამოწმების პროგრამა „მეტას“ გუნდის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×