ეს ხელს შუეწყობს არსებული დაძაბულობის განმუხტვას და განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეთა შერიგებას
რეზონანსი
09.01.2025

ინაუგურაციიდან მეორე დღესვე ბატონ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად გამწესება მივულოცე. ათონელის რეზიდენციის კანცელარიაში შეტანილ განცხადებაში (N1/16057, 13:47) შევახსენე, რომ კონსტიტუციის თანახმად, ფიცის დადების მომენტიდან ბრძანდება სახელმწიფოს მეთაური და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, აგრეთვე ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ამასთან, უზენაესი კანონითვე აქვს მინიჭებული უფლებამოსილებები, რაც საშუალებას აძლევს, ეფექტურად მოაგვაროს საშინაო პრობლემებიც და ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელი პოლარიზაციის დასრულებასაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვურჩიე დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქციის მსვლელობისას ჩადენილი დანაშულებისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა (მათ შორის, მათაც ვინც „ოჯახის სიწმინდის დღეს" ან „გავრილოვის ღამეს" დაარღვია კანონი...) და ახალი წლის დადგომამდე დაესრულებინა შეწყალებულთა ციხეებიდან განსათავისუფლებლად საჭირო პროცედურები, ხოლო მათ თაობაზე, ვინც 26 ოქტომბრის შემდეგ იქნა დაკავებული და იზოლატორებში ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა, რომ აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიება (პატიმრობა) თავდებობით შეუცვალონ, რაც ათეულობით ახალგაზრდას საშუალებას მისცემდა დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღენიშნათ.

აღვნიშნე, ვინაიდან რამდენიმე პატიმრის დედამ პარლამენტის წინ მშრალი შიმშილობა დაიწყო, შეწყალების ჰუმანური აქტი ხელს შუეწყობს არსებული დაძაბულობის განმუხტვას, განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეთა შერიგებას და მასაც აუმაღლებს ავტორიტეტს.

ამასთან, ისიც ვურჩიე, შესაბამისი სამსახურისთვის იმ დაზიანებული მოაჯირის შეკეთება დაევალებინა, რომლის წინ სალომე ზურაბიშვილმა 29 დეკემბერს მხარდამჭერებს მიმართა. სამწუხაროა, რომ „ტექნიკური ხარვეზი" სტრატეგიულმა პარტნიორებმაც იხილეს და ევროპელმა მეგობრებმაც. ლოგიკურია, თუ პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციას ვერ უვლის, ვერც კონსტიტუციურ ვალდებულებებს განახორციელებს ჯეროვნად...

განცხადებაში ისიც აღვნიშნე, რომ კარგი იქნება, პრეზიდენტმა კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტებთან (მაგ., აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერთან, მალხაზ აფრიდონიძესთან) და ჩამოახსნევინოს შენობის ფასადზე არასწორად დაკიდებული დროშები, ხოლო ევროკავშირის დროშას რეზიდენციის შესასვლელთან აღმართული სახელმწიფო დროშის გვერდით მიუჩინოს ადგილი.

როგორც ვიცი, პრეზიდენტის სასახლის წინ მხოლოდ ერთი, სახელმწიფო დროშა უნდა იყოს გამოფენილი, რომელიც კონსტიტუციით ან კანონით დადგენილ ზუსტ აღწერილობას (სტანდარტს) უნდა შეესაბამებოდეს, ხოლო გლოვის დღეებში უნდა ჩამოიხსნას ან ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე დაიხაროს.

ამდენად, ვინაიდან საპრეზიდენტო რეზიდენცია საკუთარი სახლი ან გასართობი დაწესებულება არ არის, მის ფასადზე დროშებისა და სხვა სიმბოლოების გამოფენა პრეზიდენტების პოლიტიკური ან რელიგიური სიმპატიების (მით უმეტეს, ხუშტურების) მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციის დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სავარაუდოდ სააკაშვილის ან/და „ნაციონალური მოძრაობის" რომელიღაც მომხრის მიერ იყო აშკარად არატრადიციულად გაფორმებული, ვურჩიე, სახელმწიფო დროშის დღეს (14 იანვარს) მაინც არ გადაიტვირთოს რეზიდენცია ხუთჯვრიანი დროშებით (შენობის წინ გამოფენილი ერთი დროშა საკმარისია), ხოლო საჯარო გამოსვლისას თავი შეიკავოს ხუთჯვრიანი სიმბოლოს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებისა ან/და ქართველ მეფეებთან ასოცირებისგან, ვაინაიდან, მეცნიერების აზრით, არაქართულია. ცხადია, არ არის აუცილებელი სიმბოლიკის გამეორებაში („მრავალდროშობანაში") ამერიკელებს მივბაძოთ, ვინაიდან საუკეთესო „შოუმენები" არიან და საკუთარი სახელმწიფო დროშის ისტორიაც, ჩვენგან განსხვავებით, ბავშვობიდანვე ძალიან კარგად იციან.

შესაბამისად, ვურჩიე, დღესასწაულების ჩავლის შემდეგ დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკის წარმომავლობითაც დაინტერესდეს და პრეზიდენტის დროშა („შტანდარტი") შეუსაბამოს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, ახალი სახელმწიფო დროშა „ისტორიული", ხოლო გერბი „კვართიან-დავითიანი" უნდა ყოფილიყო. ფაქტია, მე-3 პრეზიდენტის ინაუგურაცია სწორედ „უფლის კვართის" ფონზე ჩატარდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების რჩეულს ოპოზიციის დღევანდელი ლიდერის გემოვნებით „გადასხვაფერებული" იმ სიმბოლოთი მოუწევს სარგებლობა, რომელიც „კვართიან-დავითიანი" ნამდვილად არ არის, ხოლო წმინდა გიორგის გამოსახულება, რატომღაც თეთრია და თანაც უკუღმა გამოსახული. ფაქტია, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამოფენილ ყველა ხატზეც მხედარი მარჯვნივ არის მიმართული, ხოლო „პრეზიდენტის დროშაზე", რატომღაც, მარცხნივ.

ვისარგებლე შემთხვევით და განცხადებაშივე აღვნიშნე, რომ გონივრულად მიმაჩნია, თუ პრეზიდენტი საქართველოს ფეხბურთის მესვეურებსაც მეგობრულად ურჩევს, რომ ფედერაციის ახალი სიმბოლოს შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადონ. რბილად რომ ვთქვა, უხერხული იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპელებს თეთრ მაისურებზე დატანილი გაურკვეველი წარმომავლობის შავი ფერის მხედრით („მე ვარ საქართველო!") გავაცანით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტულ პაექრობაში მეტოქეს რატომღაც, „ურჩხულად" („ბოროტებად") აღიქვამს და შუბს აძგერებს...

ბატონ მიხეილთან პირველივე კომუნიკაციისას ფეხბურთის თემატიკას გვერდი მხოლოდ იმიტომ ვერ ავუარე, რომ ევროპის ჩემპიონატმაც ნათელი გახადა, რომ თითოეული ქართველისთვის ფეხბურთი, ფაქტობრივად, პოლიტიკის რანგშია აყვანილი და არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე „ენა, მამული, სარწმუნოება"... აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, არც მე-6 პრეზიდენტისთვის მიმიცია ხმა, დავპირდი, რომ მომავალშიც მივმართავ რჩევებით და წინადადებებით, ხოლო თუ ჩემი დახმარება დასჭირდება, შეძლებისდაგვარად და კომპეტენციის ფარგლებში გავუწევ კონსულტაციას.

მესმის, რომ საქმეებით გადატვირთვის გამო შეიძლება ჩემი განცხადების გასაცნობად დღემდე ვერ მოიცალა, თუმც, იმედი მაქვს, ტრადიციების ერთგული პრეზიდენტი მართლმადიდებლების მიერ ახალი წლის აღნიშვნის დღისთვის მაინც გამოუშვებს საპატიმროებიდან ახალგაზრდებს და სახელმწიფო სიმბოლიკის გონივრულად დადგენის ინიციატორიც გახდება.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×