
ყველა კვლევით ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგში არაფერი დაჰკლებია, მაგრამ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, გამოვიდნენ სააშკარაოზე და ეს მოხდა მაშინ, როდესაც „ნაცებმა“ დაირქვეს პროევროპულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იმ დიდი, მათ შორის გარედან მართული და მხარდაჭერილი უდიდესი ფეიკ კამპანიის შედეგი
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები გადაარწმუნეს და ისინი ახლა სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, გამოვიდნენ სააშკარაოზე და ეს მოხდა მაშინ, როდესაც „ნაცებმა“ დაირქვეს – პროევროპულები. უკაცრავად ჟარგონისთვის, ქუჩურ ჟარგონს გამოვიყენებ, „ნაცობა“ რომ ტეხავს – ეს ყველამ გაიგო, მაგრამ როდესაც „ნაცმა“ იფიქრა, რომ „მე ნაცი კი არ ვარ, გვარამიას, ხაზარაძეს და მათთან მოღალატე გახარიას, სააკაშვილს კი არ ვუჭერ მხარს, არამედ ევროპას ვუჭერ მხარს და რუსთაველზე რუსეთს ვებრძვი, რომ „ობეზიანა“, მაიმუნი არ უნდა იყოს“ – ეს რომ დაიჯერა და ვიღაცას დააჯერეს, ამ დროს უფრო თამამი გახდნენ, თავისი პოზიცია უფრო გამოიტანეს გარეთ.
მისი თქმით, ადამიანებმა ირწმუნეს, ვიღაცებმა დაარწმუნეს, შეცდომაში შევიდნენ თუ არ შევიდნენ, ასე სჯერათ და რწმენის დონეზე აიტანეს, რომ ევროპისთვის იბრძვიან.
„სულ ვამბობდით, სად იყო ამდენი „ნაცი“, ეს კლასტერი 700-800 ათას ხმას ერთად იღებს, სად არიან ეს ადამიანები. ადამიანებმა ირწმუნეს, ვიღაცებმა დაარწმუნეს, შეცდომაში შევიდნენ თუ არ შევიდნენ შეცდომაში, ასე სჯერათ და რწმენის დონეზე აიტანეს, რომ იბრძვიან ევროპისთვის. ეს არის იმ დიდი, მათ შორის გარედან მართული და მხარდაჭერილი უდიდესი ფეიკ კამპანიის შედეგი, რომელი ფეიკ კამპანიითაც „დიპ სთეითი“ არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ცდილობს მოვლენები მართოს. აი, ამას ვუპირისპირდებით ჩვენ სწორი მესიჯებით, სწორი ანალიზით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.