რეზონანსი
08.01.2025

თბილისში საზოგადო მოღვაწეთა რამდენიმე პანთეონია. მთაწმინდის და დიდუბის პანთეონების გარდა, არსებობს ვაკის და საბურთალოს პანთეონები. ცოტა ხნის წინ მახათის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის  ხატის სახელობის ტაძართან საფუძველი ჩაეყარა ახალ პანთეონს. პანთეონები არსებობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ შორის ყველაზე გამორჩეულად მაინც ითვლება თბილისის მთაწმინდის და დიდუბის პანთეონები.

მთაწმინდის პანთეონი თბილისში მამადავითის ეკლესიის შემოგარენში, მთაწმინდის ფერდობზე მდებარეობს. მისი დაარსების იდეა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს და  ევროპაში ცნობილ პუბლიცისტს - ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნოდა. ეს იდეა აკაკი წერეთელის გარდაცვალების დღეებში დაიბადა. დიდუბის  პანთეონი კი თბილისში,  წერეთლის გამზირზე დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში მდებარეობს. იგი 1915 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით  დაარსდა.

ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში არსებობს შემთხვევები ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების თუ  მსახიობების  დაკრძალვის პირვანდელი ადგილიდან  სხვა ადგილზე გადასვენებისა. გავიხსენოთ ჩვენი პოეზიის მშვენება, ნიკოლოზ ბარათაშვილი:  იგი 1839 წელს ქალაქ განჯაში გარდაიცვალა და  რამდენიმე წლის შემდეგ, მისი ნეშტი აზერბაიჯანიდან საქართველოში, თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს. 45 წლის შემდეგ  კი, 1938 წელს მას სამუდამო განსასვენებელი  მთაწმინდის პანთეონში დაუმკვიდრეს. ნაკლებად ცნობილია, რომ ჩვენი სახელოვანი მწერალი იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს დიდუბეში დაიკრძალა და თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, 1940 წელს მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს. მსგავსი ფაქტი მოხდა დიდი ვაჟა-ფშაველას შემთხვევაშიც. დიდი პოეტი 1915 წელს გარდაიცვალა თბილისში  და დაკრძალული იქნა დიდუბის პანთეონში. ოცი წლის შემდეგ კი ქართველმა ხალხმა მართებულად მიიჩნია მისი ნეშტის მთაწმინდის პანთეონში გადასვენება. 

შეგვიძლია მოვიგონოთ სხვა შემთხვევებც, როდესაც ხალხის ნებით შეცვლილი იქნა თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება და ამა თუ იმ პიროვნების სამუდამო  განსასვენებელი ადგილი შეიცვალა. ცნობილი ქართველი რეჟისორი კონსტანტინე მარჯანიშვილი 1933 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში იქნა დაკრძალული, მაგრამ ოცდააათი წლის შემდეგ, 1963 წელს  მისთვის  მთაწმინდაზე გამოინახა  განსასვენებელი ადგილი. წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე იქნა გადასვენებული. მწერალი და საზოადო მოღვაწე ნოდარ დუმბაძე გარდაცვალების შემდეგ მისი წინადადებით შექმნილ საბავშვო ქალაქ მზიურში იქნა დაკრძალული, მაგრამ 2009 წელს იგი გადასვენებულ იქნა მთაწმინდის პანთეონში.  უნდა ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნულ ყველა 

შემთხვევაში ქართველმა ხალხმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და დიდ მამულიშვილებს უფრო მეტი და ღირსეული პატივი  მიაგო. სხვა ადგილებიდან მთაწმინდის პანთეონში გადმოსვენებულთა შორის აუცილებელია კიდევ ორი დიდი პიროვნების გახსენებაც: 2005 წელს საფრანგეთიდან გადმოსვენებული იქნა ქაქუჩა ჩოლოყაშვილის ნეშტი, ხოლო შემდეგ წელს ჩეჩნეთიდან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი;

გასაკვირია, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო ფაქტებიც. ასე მაგალითად: მთაწმინდის პანთეონიდან სხვაგან იქნენ გადასვენებული რამდენიმე პიროვნება: მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე და სილიბისტრო თოდრია. ვფიქრობ, ამ  შემთხვევებს ახსნა არ სჭირდებათ.

1928 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ილიას და აკაკის მეგობარი და თანამებრძოლი ნიკო ნიკოლაძე. მისი შვილი გიორგი ნიკოლაძე მამის დაკრძალვას არ დასწრებია. იგი ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და რადგან ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა არც კი შეატყობინეს ეს სამწუხარო ამბავი. ნიკო ნიკოლაძე დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილიც. ოლღა გურამიშვილი 1940 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჯერ დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, ხოლო 1956 წლის 10 სექტემბერს გადაასვენეს მთაწმინდაზე მეუღლის ნიკო ნიკოლაძის გვერდით. ილია ჭავავაძის მეუღლის ნათესავმა და ნათლულმა, ოლღა გურამიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო.  

აქვე უნდა მცირე გადახვევა გავაკეთო  და გთხოვთ არ ჩათვალოთ ეს რეკლამად, რადგან წიგნი, რომელსაც  რეკომენდაცია უნდა გავუწიო რეკლამას არ  საჭიროებს. სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია, რომ  მათ, ვინც დაინტერესდება გიორგი ნიკოლაძის  ხანმოკლე ცხოვრებით და მოღვაწეობით ვურჩიო აუცილებლად გაეცნონ  პროფესორ პაატა ნაცვლიშვილის 2021-2022 წლებში ორ წიგნად გამოქვეყნებული ენციკლოპედიურ ნაშრომს „ცხოვრება გიორგი ნიკოლაძისა“. ცნობილი ჟურნალისტის და მწერლის  ამ წიგნში გამოჩენილი  მეცნიერ-მათემატიკოსი, ინჟინერ-მეტალურგი, უმაღლესი სკოლის პედაგოგი, ტერმინოლოგი, ქართული მთასვლელობის ფუძემდებელი და სხვა მრავალი საზოგადო საქმის მოთავე და განმხორციელებელი გიორგი ნიკოლაძე  წარმოდგენელია  კიდევ ერთი ბევრისათვის  სრულიად  უცნობი და მოულოდნელი სახით:  მრავალწლიანი  კვლევა-ძიების შედეგად პაატა ნაცვლიშვილმა დაამტკიცა, რომ  ჩვენი საამაყო გიორგი ნიკოლაძე 12 წლის ასაკში პარიზში, 1900 წელს ჩატარებული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. 

შეიძლება  ითქვას, რომ სახელოვანი მშობლების, ნიკო ნიკოლაძის და ოლღა გურამიშვილის ასეთივე სასახელო შვილის, გიორგი ნიკოლაძის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე  სათანადოდ  არის დაფასებული: მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, მისი ბიუსტები დგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ეზოებში, მის სახელს ატარებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი პამირის  ქედზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენს გიორგი ნიკოლაძის მედალი, დაწესებულია მისი სახელობის სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის. სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში არსებობს ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების  სახლ-მუზეუმი

ახალგაზრდა თაობას გვინდა შევახსენოთ, რომ ტექნიკურ-საინჟინრო სფეროებში ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს ბევრი აქვთ საამაყო და არის შემთხვევები, როდესაც მათ თავიანთი მეტად სერიოზული და  ორიგინალური  სიტყვა აქვთ ნათქვამი. ადგილის სიმცირის გამო გავიხსენებ მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო დონის მეცნიერებსა და ინჟინრებს: ნიკოლოზ და მიხეილ გარსევანიშვილები, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ გრიგორაშვილი, სამსონ ქუთათელაძე, ალექსანდრე ქართველიშვილი, ივანე ნიკურაძე, ალექსანდრე ნადირაძე, ვლადიმერ ჭავჭანიძე, არჩილ ელიაშვილი, ივერი ფრანგიშვილი, მინდია სალუქვაძე... კიდევ შეგვიძლია ამ სიის  გაგრძელება და რამდენიმე ქართველი მეცნიერის გვარის დამატება რომლებმაც თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიაში. 

ასე რომ, ქართველმა მეცნიერმა გიორგი ნიკოლაძემ მის მიერ თითქმის ასი წლის წინ გამოგონებული ორიგინალური ელექტრული საანგარიშო  მოწყობილობით დიდი წვლილი შეიტანა კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის სფეროში. 

დავუბრუნდეთ ჩვენ  სათქმელს: ხომ არ დადგა დრო  ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და გიორგი ნიკოლაძის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენოს, რათა მშობლების გვერდით გამოუყოს მას სამარადისო განსასვენებელი?

2026 წელს სრულდება 95 წელი დიდი მეცნიერის, სორბონის უნივერსიტეტის მათემატიკის  დოქტორის,ინჟინერ-მეტალურგის  და საზოგადო მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალებიდან  და ნამდვილად სამართლიანი იქნება თუ ჩვენ მიერ დასმული საკითხი დადებითად გადაწყდება და გენიალური ქართველი მეცნიერი, ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ნიკოლაძე სამუდამო განსასვენებელს მთაწმინდაზე თავისი მშობლების გვერდით ჰპოვებს.

აქვე გვსურს კიდევ ერთი სურვილის გამჟღავნება: 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი არსებობის ასწლოვან ისტორიაში სხვადასხვა დროს ატარებდა ჯერ კიროვის, შემდეგ კი ლენინის სახელს. იქნებ დადგა დრო გამოვასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ყველასათვის საყვარელ „გეპეის“, მივანიჭოთ გიორგი ნიკოლაძის სახელი.

ვინ, თუ არა გიორგი ნიკოლაძე იმსახურებს ამ სასწავლებლისთვის მისი სახელის მიკუთვნებას. 

შეიძლება  ვინმემ გაიხსენოს რომ მას უმაღლესი განათლება საქართველოში არ მიუღია, მაგრამ, როდესაც სამშობლოს დასჭირდა იგი უყოყმანოდ დადგა  დიდი ივანე ჯავახიშვილის გვერდით. საქართველოს  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მან  ჩამოაყალიბა ორი - მხაზველობითი გეომეტრიისა და ელექტრომეტალურგიის კათედრები და გარდაცვალებამდე  ხელმძღვანელობდა მათ.

ჩვენი აზრი თითქმის წელიწადზე მეტია გავაცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოცზე მეტ  მეცნიერ თანამშრომელს და წინადადებამ  მოწონება დაიმსახურა. მაგრამ ვთვლით, რომ ჩვენს მიერ  წამოჭრილი  საკითხების დადებითად გადაწყვეტისათვის სასურველი (და ალბათ აუცილებელიც)  იქნება  ჩავატაროთ ქვეყნის მოსახლეობის ინტერნეტ გამოკითხვა. 

ნუგზარ (ზაზა) იაშვილი

საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×