
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო ყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. უცებ ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, - ყვება გალის რაიონის მცხოვრები.
ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული სოფლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის რწმუნებულიც.
"მეც გავიგე ეს სამწუხარო ინფორმაცია. საშინელი ამბავია. ხუთი ბავშვია დაღუპული“, - უთხრა კახა გოგოხიამ „რადიო თავისუფლებას“.
აფხაზური ტელეგრამარხი "აიაშარა" ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია.
რადიო თავისუფლება