
"სისტემის რღვევა დაწყებულია" - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გადადგომას.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მერებაშვილის ამ დრომდე პოსტზე დარჩენა მისთვის გასაკვირი იყო, რადგან ის არასდროს ირიცხებოდა იმ "ტრადიციული" პროკურორების რიცხვში, რომლებიც "ოცნების" ყველა ქმედებას ტაშს უკრავდა. ბარამიძის თქმით, მერებაშვილი გამოცდილი კადრი და კარგი სპეციალისტია და მისგან ამგვარი ნაბიჯი მხოლოდ მისასალმებელია.
იგივე თაობის ადამიანია, როგორც ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია. ეს, დაახლოებით, ერთი სტილის ხალხი იყო ანუ კარგი სპეციალისტები, განათლებული, ნასწავლი ხალხი და მნიშვნელოვნად განსხვავებული ტრადიციული პროკურორისებისგან როგორებიც იყვნენ და სამწუხაროდ, კვლავ არიან პროკურატურის ხელმძღვანელობაში. ცოტა არ იყოს მიკვირდა, რომ ამდენ ხანს შემორჩა ნათია მერებაშვილი ამ სისტემას, იმიტომ, რომ პირველი და მეორე წელი არ არის, როცა ამ ხელისუფლებამ გადაუხვია კანონის უზენაესობის სამართლის გზას, ახლა უკვე საქართველოს ევროპული, დემოკრატიული განვითარების გაზასაც და ამაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სადღაც მისი გვარია გაიჟღერებდა ხოლმე, რომ იგი კვლავ პროკურატურაში მუშაობს, ეს ცოტა არ იყოს, მე მიკვირდა. სწორი ნაბიჯი ყოველთვის მისასალმებელია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს და ეს არის შეუქცევადი პროცესი და ამას ხელისუფლება ვერავითარი რეპრესიული კანონით ვერ შეაჩერებს, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.