
„ტრაბზონსპორი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობს. თურქულ კლუბს „ლევანტედან“ – გიორგი ქოჩორაშვილის, ხოლო „ლიონიდან“ ტოლისოს დამატება სურს, – ინფორმაციას Takagazete ავრცელებს.
„შუალედურ სატრანსფერო პერიოდში „ტრაბზონსპორი“ ნახევარმცველებს ეძებს. გუნდი ცდილობს „ლიონიდან“ ფრანგი ვარსკვლავის, კორენტინ ტოლისოს დამატებას. თუმცა სიაში ახალი სახელიც გამოჩნდა – „ტრაბზონსპორში“ გადმოსვლის კანდიდატი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ლა ლიგა 2-ის „ლევანტეში“ თამაშობს.
კლუბი კორენტინ ტოლისოსა და „ლიონთან“ კონტაქტს აგრძელებს. ამავე დროს, არის მცდელობა, რომ ესპანურ „ლევანტესთან“ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ლევანტესთან“ ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, ხოლო ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. „ტრაბზონსპორი“ ესპანური კლუბის ფინანსური მოთხოვნებით უკვე დაინტერესდა“, – ამტკიცებს გამოცემა Takagazete.
ქართველმა ფეხბურთელმა „ლევენტეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.