
ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის" დამფუძნებელი და „ჰეშ ბანკის" თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დასანქცირება არ უნდა გვახარებდეს.
ის განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი ძლიერი არაა, როგორიც რუსეთის ან თურქეთის.
ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ დღეს მთავარი მდგომარეობის განმუხტვაა და ამბობს, რომ ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები აღარ უნდა გამართონ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო ხელისუფლებამ ოპონენტებისგან საპირისპირო აზრი უნდა მოისმინოს.
„ნუ გვიხარია, ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და არ შეიძლება ეს რომ ნიშნის მოგებით ვთქვათ და გვიხაროდეს, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა ეს რომ ჩვენი ადამიანები დაასანქცირეს... ვიღაცას უხარია? არ შეიძლება ასე, ეს ტრაგედიაა და ღვთის რისხვას დავიწევთ თავზე".
კითხვაზე - რა პრობლემებს უქმნის ქვეყანას შს მინისტრის სანქცირება... კეთდება პროგნოზი, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს ყვითელი ბარათია და შეიძლება უარესიც გველოდოს. როგორც ბიზნესმენი და ბანკირი - რა პრობლემებს ხედავთ? ბიზნესმენი ამბობს, რომ „უმძიმესი... სირთულე არის ეს ჩვენი ეკონომიკისთვის. დომინოს პრინციპით არის, ერი დგას ამ პრობლემის წინაშე.
- [ეკონომიკის] ჩამოშლას ვხედავ და მაგიტომ ამოვიღე ხმა... ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რაზეა საუბარი.. ჩვენ არ ვართ რუსეთი და თურქეთი, ჩვენ ვერ გავუძლებთ... [ეკონომიკა] ჩამოიშლება, არც ამხელა რესურსი გვაქვს, არც არანაირი პოტენციალი არ გვაქვს - ჩამოიშლება... ღრმა კრიზისის წინაშე ვდგავართ... იმ გოგოებს და ბიჭებსაც [საპროტესტო აქციის მონაწილეებს] ხომ ამ ქვეყანაში აქვთ აქტივები... ყველა მოქალაქეს პატარა ქონება მაინც აქვს... რომ არ გაუფასურდეს საბოლოოდ... ეს ჩვენი ერთადერთი და აუცილებლად გადასალახი პრობლემაა - ამუშავდეს პარლამენტი. ეს ჩვენი თხოვნაა, ვამბობ, რომ მომავალი თაობები სანთლებს დაუნთებენ იმ ადამიანს, ვინც ახლა მშვიდობას დაამყარებს და პირველ ნაბიჯს გადადგამს".
წყარო; bm.ge