რეზონანსი
01.01.2025

საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვ - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა.

„ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა, მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი.

მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი.

დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი...“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშივლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×