
ბოლნისში, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
მოზარდის მამა ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა მის შვილს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს და კლინიკაში არ გადაიყვანეს.
14 წლის ელჩინ ბითანოვის მამის თქმით, სწორი რეაგირება რომ ჰქონოდათ ექიმებს, შესაძლოა, მისი შვილი ცოცხალი ყოფილიყო.
ახლა ძალიან ემოციურად ვარ, ჯერ შვილი უნდა დავკრძალო და მერე მივხედავ ყველაფერს. გუშინ, როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეგდო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციაც და სასწრაფოც მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. ჩემი შვილისთვის სასწრაფოს დროულად რომ მიეხედა, იქნებ გადარჩენილიყო. მკვლელი მთვრალი იყო. იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, სკოლის შემოსახვევია და წესით, სიჩქარე უნდა შეენელებინა, მაგრამ ის დიდი სიჩქარით მოდიოდა და შვილი მომიკლა. მთელი სოფელი ჩემს გვერდითაა“, - ამბობს დაღუპულის მამა.
უცნობია, როდის გაიმართება 21 წლის ახალგაზრდის სასამართლო პროცესი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციამ დააკავა.