რეზონანსი
30.12.2024

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. იგი მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება.. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.

შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

"შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძეს ლიეტუვამ სავიზო სანქციები 5 დეკემბერს დაუწესა. იგი ამ გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×