
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პიროვნული დამოუკიდებლობა ვარჩიე, რის გამოც დღემდე უპარტიო ვარ... ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, არჩევნების გზით ფორმირებული „რეჟიმების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში არ ვმონაწილეობ, ვინაიდან მიზნის მისაღწევად „სამოქალაქო განათლებას“ ვანიჭებ უპირატესობას და არა „აჯანყება-რევოლუციებს“... მით უმეტეს, რომ „გამარჯვებულმა ხალხმა“ სულმნათი წინაპრების უდიდესი ძალისხმევით შენარჩუნებული ტერიტორიები უკვე რამდენჯერმე დავკარგეთ...
ამასთან, განვლილმა მესამედმა საუკუნემ დამანახა, რომ იმ „რეიტინგული“ პოლიტიკოსებისა და „არასამთავრობოებისთვის, აგრეთვე „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და „ევროპელი მეგობრებისთვის“, რომლებიც ხშირად ახსენებენ „ქართველ ხალხს“ ან/და „ ქართველი ხალხის არჩევანს“, უქართველებო საქართველო უფრო „კომფორტულია“...
ჩავთვალე, რომ 29 დეკემბრისთვის „დაგეგმილი“ პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მორიგი „პოლარიზაციის“ განმუხტვა მხოლოდ დედა ეკლესიას შეეძლო. გაზეთისთვის წერილი მოვამზადე და გამოქვეყნებისთანავე (პარასკევს) საპატრიარქოს წინადადებებით მივადექი. ტერიტორიაზე არ შემიშვეს, რის გამოც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის სახელზე მომზადებული განცხადება სპეციალურ ყუთში მოვათავსე, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენელს ტელეფონით ვაცნობე, რომ სასწრაფოდ იყო რეაგირება საჭირო.
ავუხსენი, რომ დღევანდელი ვითარება გაცილებით საშიშად მიმაჩნია, ვინაიდან, თუ 1989 წელს ქართველები ერთად ვიდექით და კომუნისტურ რეჟიმს (ფაქტობრივად, რუსეთის ჯარს) ვუპირისპირდებოდით, დღეს (პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც) ერთმანეთის მიმართ არის „პოლარიზებული“...
როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს ისევ ხელს აძლევთ ქართველების მორიგი დაპირისპირება და უკეთეს შემთხვევაში, მორიგი „ფერადი რევოლუციის“ ან, უარესში, „მაიდნის“ მოწყობა (ამჯერად, „ომისა და მშვიდობის“, „მონობისა და თავისუფლების“, „ევროპული სამოთხისა და რუსული ჭაობის“ მომხრეებად ვართ დაყოფილები...), რითაც საქართველოში (კავკასიაშიც) საკუთარი „გეოსტრატეგიული“ ინტერესების გატარების საშუალება ეძლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო მექანიზმიც გაუმართავად მუშაობს (ფაქტობრივად, მოშლილია, ვინაიდან დაუსჯელობით გათამამებული სამართალდამცავიც არღვევს კანონს და კანონმდებელიც...), ხოლო პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში იმდენად იმატა „პოლარიზაციამ“, რომ ქვეყანაში აშკარად მორიგი „რევოლუციური სიტუაციაა“ შექმნილი, რომლითაც ისევ „ვიღაც მესამე“ ისარგებლებს და, შეიძლება, ისევ დავკარგოთ ტერიტორიები, გამოსავლად მესახება, ეკლესიამ ორივე მხარეს დაუყოვნებლივ მოუწოდოს „საშობაო დაზავებისკენ“ (პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა შობა, ფაქტობრივად ერთად აღნიშნეს...) და, რომ სახელმწიფო ინტერესებში ორივე მხარე წავიდეს დათმობაზე: ხელისუფლებამ ვადამდელი (რიგგგარეშე) არჩევნების გამართვის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან გაანთავისუფლოს ათონელის რეზიდენცია.
საპატრიარქოში ვიზიტით იმითაც დავრჩი კმაყოფილი დავრჩი, რომ შენობის წინ 2004 წლიდან აღმართული ხუთჯვრიანი („ნაციონალური“) დროშა ჩამოხსნილი დამხვდა. ჯერ ერთი, როდესაც კონსტიტუციის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და საკუთარი სიმბოლოები გააჩნია (ჯვარი, ხატი...), რატომ უნდა გამოფინოს სახელმწიფო დროშა, მით უმეტეს თუ მენიერების აზრით „არც ქართულია და არც კანონიერი“, ხოლო თუ „კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელი სიმბოლოს“ აღმართვა სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის რეზიდენციის წინ არის აუცილებელი, ქართველების ტოლერანტობიდან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტული მგონია, სწორედ ნაგვის ურნის გვერდით მიუჩინო ადგილი...
როგორც ჩანს, საპატრიარქოში „ხუთჯვრიანი დროშის“ ჩამოხსნის თაობაზე სრულიად გონივრული (ლოგიკურიც) გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა 287 გვერდიანი წიგნი „დროშა სამეფო“ (ავტორი ნინო ჯაველიძე), რომელშიც სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ დღევანდელი სახელმწიფო დროშა „ვარდების რევოლუციამდე“ არასდროს ყოფილა საქართველოსთან იდენტიფიცირებული.
მადლობა ქალბატონ სალომეს, დედა ეკლესიის წარმომადგენლების რჩევის გათვალისწინებისა და ათონელის რეზიდენციის დატოვებისთვის, რითაც მძიმე მარხვის დღეებში თავიდან აგვარიდა თანამოქალაქეების მორიგი დაპირისპირება. ისიც გამიხარდა, რომ პირველ რიგში სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრები მოინახულა... მისი გამოსამშვიდებელი სიტყვიდან კი იმ მონაკვეთმა მიიპყრო ყურადღება, რომელშიც დაზიანებული მოაჯირის ფონზე ბრძანა, რომ მხოლოდ მისი პრეზიდენტობის დროს „სიმბოლური“ შენობიდან დროშაც უნდა თან წაეღო... დამაინტერესა, მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა წაეღო თუ ე. წ. პრეზიდენტის დროშაც („შტანდარტი“), რომელიც თავად შეცვალა და მასზე მხოლოდ მიმართულებაშეცვლილი „წითელი გიორგი“ დატოვა ... რამდენჯერმე ვთხოვე (გაზეთის მეშვეობით და განცხადებითაც მივმართე), მოქალაქეებისთვის აეხსნა რეზიდენციაში გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა, თუმცა 6 წლის განმავლობაში ვერ მივიღე პასუხი.
იმედი მაქვს, მომავალი პარლამენტი შეიტანს სიცხადეს სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებით შექმნილ აშკარა გაურკვევლობაში (ფაქტია, „ნაციონალურ“ დროშაზე კათოლიკე „ჯვაროსნების“ სიმბოლო გვაქვს გამოსახული, გერბზე წმინდა გიორგი „ორიენტაციაშეცვლილია“, ხოლო ჰიმნში ევროპაში სატანის სიმბოლოდ აღიარებულ „ცისკრის ვარსკვლავს“ ვუმღერით...), ხოლო დედა ეკლესიის ჩარევით დაპირისპირებულ მხარეები სახელმწიფოს ინტერესებში არც დღესასწაულების შემდეგ დაუშვებენ საქართველოში შემორჩენილი ქართველების მორიგ კონფრონტაციას.
ავთანდილ კახნიაშვილი