
ერთ მხარეს არის ხალხი და მომავალი, მეორე მხარეს - ჩაკეტილი "ოცნება" და შავი წარსული, - ასე შეაფასა პრეზიდენტის ძმამ დღეს გამართული ორი განსხვავებული ღონისძიება. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის საგარეო თუ საშინარო პოლიტიკაში და იქნება ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.
ორი ძალიან განსხვავებული ღონისძიებაა. ერთი, სადაც ხალხია, სადაც არის მხიარულება, სადაც არის მომავალი და მეორე არის კედლების მიღმა, ჩაკეტილი სივრცე, სადაც არის შავი წარსული, რომელიც აღარ გვინდა, ვნახოთ. იქნება ძალიან აქტიური (სალომე ზურაბიშვილი). ვიცით, რომ ამერიკაში იქნება ინაუგუგრაცია, იქ იქნება და საერთოდ, მსოფლიოში, სადაც იქნება საჭირო - იქ იქნება და უნდა გავამაგროთ მისი ზურგი, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში საპრეზიდენტი ფიცი დადო. ინაუგურაციას მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარალელურად, მოვლენების კიდევ ერთი ეპიცენტრი ათონელის სასახლე იყო, სადაც ლეგიტიმურ პრეზიდენტს საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა.